"ავარიული კორპუსების ჩანაცვლების ახალ დადგენილებაში შესწორების შეტანა აუცილებელია"
სამშენებლო სამართლის სპეციალისტთა ნაწილი ავარიული კორპუსების ჩანაცვლების ახალ დადგენილებაში შესწორების შეტანის აუცილებლობას ხედავს.
როგორც უჩა ზაქაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტის განცხადება, დადგენილებაში არსებულ ჩანაწერთან წინააღმდეგობაში მოდის.
„დადგენილების შინაარსმა გააჩინა შეკითხვები. იქ არსებული ტექსტი, რომელიც გულისხმობს, რომ ავარიული სახლების მესაკუთრეთა თანხმობა აუცილებელი არ არის ამ საცხოვრებლის ჩანაცვლების განხორციელებისთვის, ყოველთვის გააჩენს კითხვებს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ დადგენილებაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და ის განცხადებები, რაც მუნიციპალიტეტის მხრიდან გაკეთდა, ჰარმონიაში მოვიდეს დადგენილების არსებულ ტექსტთან.
შეკითხვები უნდა მოიხსნას მესაკუთრეთა სრული თანხმობის ნაწილთან მიმართებაში, რაც დადგენილებაშია და რამაც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
დადგენილებაში წერია, რომ ავარიული კორპუსების მცხოვრებთა სრული თანხმობა არ სჭირდებათ ისე შეუძლიათ ჩაანაცვლონ საკუთრების უფლება. ანუ A ნაკვეთიდან B ნაკვეთზე შეუძლიათ მესაკუთრეების თანხმობის გარეშე, გადაიყვანონ მაცხოვრებელი.
ამ ჩანაწერის პარალელურად, მუნიციპალიტეტი განმარტავს, რომ არ აპირებენ ამის გაკეთებას. მაგრამ თუ არ აპირებენ აბა მაშინ რატომ არის ჩანაწერი დადგენილებაში?“- ამბობს უჩა ზაქაშვილი.
მისივე თქმით, თბილისში ავარიული სახლების პრობლემა მწვავედ დგას და კარგია, რომ მუნიციპალიტეტი ცდილობს ეს საკითხი მოაგვაროს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის განმარტებით, ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტი ავარიული სახლის ჩანაცვლებას განახორციელებს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას ავარიული სახლი, არამედ სხვა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამისთვის მერიას კორპუსის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა აღარ დასჭირდება, როგორც ეს აქამდე იყო საჭირო. მერიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობის თანხმობა აუცილებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მაცხოვრებლების უკვე დასრულებულ კორპუსში გადაყვანის დრო დადგება.