ავარიის დროს დაზიანებული ტრანსპორტის ვადამდელი ინსპექტირება დასანერგია - აუდიტი
მოქმედი რეგულაციებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების ვადამდელი ინსპექტირება არ მოითხოვება, რაც აუდიტის სამსახურის შეფასებით, ხელს შეუწყობდა დროის გარკვეულ მონაკვეთში გზებზე გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენარჩუნებას და რეფორმის მიზნების მიღწევას.
"მიუხედავად საკითხის კომპლექსურობისა და სირთულისა, მნიშვნელოვანია შესაბამისმა უწყებებმა განიხილონ ზემოაღნიშნული ინიციატივის დანერგვის შესაძლებლობა", - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2018-2020 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა მავნე ნივთიერების კონცენტრაციების დადგენა და არეალის დაფარვა არ წარმოებდა სრულყოფილად.
"შესაბამისად, შეუძლებელია განისაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობით მიღებული გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე", - ნათქვამია ანგარიშში.
აუდიტი ინსპექტირების ცენტრებში პერსონალის კვალიფიკაციის ნაკლოვანებებზეც უსვამს ხაზს.
აუდიტორული პროცედურების შედეგად, შერჩეული ინსპექტირების ცენტრებზე სრულყოფილად ვერ წარმოადგინეს 2018-2020 წლებში ინსპექტორთა წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი მტიცებულებები, თუმცა ინსპექტირების ცენტრები აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან იღებდნენ დადებით შეფასებებს.
"ინსპექტორთა კვალიფიკაციის შეფასება განხორციელდა არასრულყოფილად, რადგან შეფასება გაიარა არა ყველა, არამედ მხოლოდ ინსპექტირების ცენტრების მიერ წარმოდგენილმა კანდიდატებმა. ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც აკრედიტაციის ცენტრი 2019 წელს ინსპექტორთა სწავლებას და შემდგომ გასაუბრებით მათი ცოდნის შეფასებას, თავადვე ახორციელდება", - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, 2018-2020 წლებში ინსპექტირების პროცესზე კონტროლი მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით, შესაფერისი პასუხისმგებლობების ზომების არარსებობის პირობებში აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელებული ვიდეომონიტორინგი ვერ უზრუნველყოფდა, ერთი მხრივ, ინსპექტირების ცენტრების და ინსპექტორების მიმართ სისტემურ მიდგომას და, მეორე მხრივ, ინსპექტირებასთან დაკავშირებული დარღვევების პრევენციას.
ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნის დარღვევაზე საგზაო კონტროლის მექანიზმებში გამოიკვეთა შემდეგი ნაკლოვანებები:
2019-2020 წლებში ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულების ვადაგადაცილებაზე ქვეყნის მასშტაბით რეაგირებდა 559 ვიდეოკამერა, თუმცა "112"-ს არ გააჩნია ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტის ავტომატურ რეჟიმში გამოვლენის პროგრამული უზრუნველყოფა, რის გამოც ასეთი ფაქტის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მანუალური შემოწმებით, რაც კამერების სიმრავლის გამო სისტემატურად ვერ ხორციელდება;
განმეორებითი ჯარიმის ოდენობა და პერიოდულობა, როგორც პირველადი ჯარიმის, ისე ტექნიკურ ინსპექტირებაზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ავტომანქანის ფაქტობრივი დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის სრულყოფილ პრევენციას;
2018-2020 წლებში შეფარდებული ჯარიმების პროცენტული მნიშვნელობა, ინსპექტირება გაუვლელ სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით, სრულყოფილი პრევენციისათვის საჭიროებს გაუმჯობესებას.
"შსს-ს განმარტებით, სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის − "112"-ის განვითარების გეგმით, ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით გათვალისწინებულია 300 ახალი ვიდეოკამერის მონტაჟი, რაც ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრასთან ერთად მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეფორმის მიზნების მიღწევას, საგზაო შემთხვევებისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. ასევე, დაზოგავს ფიზიკური კონტროლის განხორციელებაზე სამართალდამცველთა დროს", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით, გზებზე ფიზიკური კონტროლის პროცესს გააჩნია ნაკლოვანებები, ხოლო გამონაბოლქვთან დაკავშირებით − პრაქტიკულად არ ხორციელდება.
"2018-2020 წლებში ქვეყანაში მოქმედი ინსპექტირების მეთოდები, ნორმები და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ მოთხოვნები, ერთეულ შემთხვევებში იყო განსხვავებული ევროდირექტივებით გათვალისწინებული მოთხოვნებისგან. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არსებული ავტოპარკის ასაკის და რთული ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარდამავალი პერიოდის გამოყენებით, CO-ს ევროპული სტანდარტი სრულად დაინერგება 2025 წლიდან, ასევე კატალიზატორის და ლამბდა კოეფიციენტის მოთხოვნებმა, საშუალოვადიან პერიოდში უნდა უზრუნველყოს ავტოპარკის დაახლოება ევროპულ სტანდარტთან", - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის ანგარიშში საუბარია ინსპექტირების ცენტრებს შორის კონკურენციაზე.
"კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, სს „გრინვეი საქართველოს“ შერჩევის პროცესი შეფასდა კონკურენციის შეზღუდვად, რომელმაც გარკვეულწილად ხელი შეუშალა ბაზარზე ახალი სუბიექტების შესვლას. მიღებული განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო არ ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და გასაჩივრებული აქვს სასამართლოში.
შედეგად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას დაასკვნას, ზემოაღნიშნული პირობები რამდენად შეუწყობს ხელს რეფორმის წარმატებით განხორციელებას", - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
შეგახსენებთ, ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმა გამკაცრდება. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.