საზოგადოება
14/09/2021

აცრა კორონავირუსის 2-ჯერ გადატანის შემდეგაც აუცილებელია – სპეციალისტების განმარტება

რა ვადებში უნდა გაიკეთონ აცრა იმ ადამიანებმა, რომლებმაც კოვიდი 2-ჯერ გადაიტანეს? ამ კითხვით ინტერესდებიან მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსი უკვე ორჯერ დაუდასტურდათ.

Jandacva.ge-სთან საუბარში რამდენიმე ასეთმა ადამიანმა აღნიშნა, რომ მათ ოჯახის ექიმმა ურჩია, აცრა საერთოდ არ გაიკეთონ. რეინფიცირების შემდეგ, კოვიდგადატანილთა ნაწილს მიაჩნია, რომ მესამედ დაინფიცირების საფრთხე არ არსებობს და, შესაბამისად, არც ვაქცინაციაა საჭირო.

ამ საკითხზე Jandacva.ge-მ განმარტება სპეციალისტებს სთხოვა. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განმარტებით, ვაქცინაცია კოვიდ 19-ის ორჯერ გადატანის შემდეგაც აუცილებელია, თუმცა, ერთხელ გადატანილებისგან განსხვავებით, რომლებმაც აცრა ინფეციის დადასტურებიდან 30-ე დღეს უნდა გაიკეთონ, რეინფიცირების შემდეგ რეკომენდებული ვადები განსხვავებულია. როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია მეორედ დაუდასტურდათ, აცრის გაკეთება კორონავირუსის მეორედ დადასტურებიდან 4 თვის ვადაშია ყველაზე მისაღები. თუმცა, მედიკოსის თქმით, შესაძლოა, ვაქცინაცია რეინფიცირებიდან 6 თვეშიც გაკეთდეს. ამის არგუმენტად ივანე ჩხაიძეს საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება მოჰყავს, რომლის თანახმადაც, სემინარებში, ტრენინგებსა და სხვა ხალხმრავალ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ტესტის უარყოფითი პასუხისა და ვაქცინაციის ცნობის  გარდა, ბოლო 6 თვეში კოვიდ 19-ის გადატანის ცნობის წარდგენაც საკმარისია. ეს ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს დაცვა გააჩნიათ.

ამასთან, ივანე ჩხაიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პანდემიის პირველ ეტაპზე გავრცელებული იყო ე.წ. უხანის შტამი, ახლა კი უკვე დელტა შტამი ცირკულირებს, შესაბამისად, რეინფიცირების შემთხვევებში კორონავირუსის განსხვავებულ შტამთან გვაქვს საქმე და, რეალურად, რეინფიცირება იშვიათ შემთხვევებში ხდება. ამიტომ, ივანე ჩხაიძის განმარტებით, კოვიდ 19-ის მეორედ გადატანის შემდეგ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ვაქცინაცია აუცილებელია.

იგივეს აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომლის თქმითაც, სწორედ ის ფაქტი, რომ ადამიანებს კოვიდ 19 მეორედ დაუდასტურდათ, აჩვენებს, რომ ისინი დაინფიცირებისგან დაზღვეულები არც მომავალში არიან.

თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა რამდენჯერმე გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ინფექციის გადატანის შემდეგ შეიძლება ანტისხეულები გამომუშავდეს, თუმცა ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველობის მქონე.

„ზოგიერთ კოვიდ გადატანილს უვითარდება მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს – არა. იყო ასეთი რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც არ ჰქონდათ ანტისხეულები და შეიძლება მეორედ დაემართოთ კოვიდი. დაემართა უკვე რამოდენიმე ჩვენ ყოფილ პაციენტს. ხშირად ამბობენ, რომ დაემართათ, მაგრამ მერე აღმოჩნდება რომ არ დამართვიათ,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ერთერთ ინტერვიუში.