"არცერთი უსახლკარო ოჯახი" - თბილისში ახალი სპეციალური პროგრამა ამოქმედდება
დედაქალაქში ამოქმედდება სპეციალური პროგრამა - „არცერთი უსახლკარო ოჯახი", რომლის ფარგლებშიც ყველა ის ოჯახი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
პროგრამის დაწყება „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური პოლიტიკის პროგრამების პრეზენტაციაზე დაანონსა.
მერობის კანდიდატმა განმარტა, რომ საჭირო საცხოვრებელ ფართებს მუნიციპალიტეტი სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეიძენს და მათ 400-მდე უსახკლარო ოჯახს სარგებლობის უფლებით გადასცემს
„პროგრამის ფარგლებში შევქმნით შესაბამის საცხოვრისს და მათ გადავცემთ იმისთვის, რომ ისარგებლონ ამ ფართებით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს საბინაო ფონდის შექმნა და მომდევნო 4 წლის განმავლობაში არცერთი თბილისელი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უბინაოდ არ დარჩება. პარალელურად უნდა განისაზღვროს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ მიწების დატაცებას და იქ უკანონო მშენებლობებს. ეს არის კანონდარღვევა და არავითარ შემთხვევაში ეს წახალისებული არ იქნება. ჩვენ ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სწორია და სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ იყოს წესრიგი. ქაოსი ქმნის სერიოზულ პრობლემებს იმ პატიოსანი ადამიანებისთვის, ვინც გადამხდელია გადასახადების. ვინც რეალურად უსახლკაროა და ეს სტატუსი აქვს მინიჭებული, გვერდში დავუდგებით და არცერთი ასეთი ოჯახი არ დარჩება ბინის გარეშე", - განაცხადა კახა კალაძემ.