საზოგადოება
08/10/2021

არაშენდას, დარჩეთისა და ქოდალოს სტაბილური წყალმომარაგებისთვის ₾6 მლნ–ზე მეტი დაიხრჯება

საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - არაშენდას, დარჩეთისა და ქოდალოს წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ₾6 მილიონზე მეტი დაიხარჯება.

აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, არსებული ჭაბურღილები რეაბილიტაციას საჭიროებს და არ არის წყლის საკმარისი დებიტი, რის გამოც მოსახლეობას წყალი კვირაში რამდენჯერმე მიეწოდება.

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია არსებული ჭაბურღილებისა და რეზერვუარების რეაბილიტაცია-მშენებლობა, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.

პროექტის დასრულება 2023 წლის ზაფხულში იგეგმება, რის შემდეგაც, სამი სოფლის მოსახლეობა, ჯამში 2 500-მდე ადამიანი, 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.