არასამთავრობო ორგანიზაციები ონლაინ კაზინოების 2024 წლამდე გაუქმებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ონლაინ კაზინოები 2024 წლამდე სრულად გაუქმდეს. სახმელეთო სათამაშო ბიზნესი კი, 2026 წლამდე დაუსახლებელ რეგიონებში გადაიტანონ.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სათამაშო ბიზნესი მოსახლეობის გაღარიბების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია.
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ სუიციდის სტატისტიკაში დიდი წილი სწორედ სათამაშო ბიზნების გამო გაკოტრებულ ადამიანებზე მოდის. ამასთან, საქართველოს ნახევარი მილიონი მოქალაქე დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე. მათი უმრავლესობა ასოციალურია და არანაირი ინტერესი ოჯახის, სამუშაოს, მეგობრებისა და ა.შ. მიმართ აღარ გააჩნიათ.
აზარტული თამაშების რეგულირების სახელმწიფო კომისიის მუშაობის პერიოდში შეთანხმდა განსახილველი საკითხების უმრავლესობა. პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ჩართული იყვნენ საქართველოს საპატრიარქო, იუნისეფი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, დარგის ექსპერტები და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები. ქვეყანაში აზარტული თამაშების დასარეგულირებლად მთელი რიგი ეფექტური ზომები განისაზღვრა, თუმცა შემდეგ პროცესი ისევ საეჭვოდ შეჩერდა.
ამჯერად, პრემიერმა გაახმოვანა ახალი ინიციატივა, რომელიც მხოლოდ ონლაინ აზარტული თამაშების შეზღუდვას ეხება და ისიც ნაწილობრივ. ეს ზომები დაგვიანებულია, რადგან ამ პერიოდში ათეულ ათასობით ადამიანი გაკოტრდა და ასობით ახალგაზრდამ სიცოცხლე მოისწრაფა, თუმცა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მისასალმებელია. იმედია პოლიტიკური ნება მყარია საიმისოდ, რომ ხელისუფლებამ ბოლომდე მიიყვანოს დანაპირები და უახლოეს პერიოდში სრულად და ეფექტურად დაარეგულიროს ეს ე.წ. ბიზნესი, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანისათვის მოაქვს სარგებელი და ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში", - ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი რეკომენდაციაა:
- აზარტული თამაშების ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის სრული აკრძალვა (ყველა სახის აზარტული თამაშების)
- მოთამაშეთათვის ასაკობრივი ზღვრის, 25 წლის დაწესება ონ-ლაინ და სახმელეთო აზარტული თამაშებისათვის; შესაბამისი კონტროლის მექანიზმის შემოღებით, რომლის საშუალებითაც არ მოხდება ონ-ლაინ მოთამაშეების სხვა ქვეყნის ონ-ლაინ საიტებზე გადადინება, სადაც ასეთი ასაკობრივი ზღვარი არაა.
- მოთამაშეთათვის ფინანსური ცენზისა და წაგების მარჟის დადგენა. კერძოდ, თამაში აეკრძალოს სოციალური დახმარების მიმღებ და ასევე წელიწადში 40000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირს. ასევე საჯარო მოხელეებს, ექიმისა და პედაგოგის პროფესიის პირებს. წაგების ყოველწლიურ მარჟად განისაზღვროს შემოსავლის მხოლოდ 10%-ის დონეზე.
- ონ-ლაინ თამაშების სრულად გაუქმება 2024 წლამდე.
- სახმელეთო სათამაშო ბიზნესის სრულად გადატანა მაქსიმუმ ორ დაუსახლებელ საზღვრისპირა რეგიონში, 2026 წლამდე.
- სპეციალური გადასახადის დაწესება აზარტული თამაშების კომპანიებისათვის (ბრუნვის 10%-ის დონეზე), რომელიც მიემართება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად.
- აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და მკურნალობის საშუალოვადიანი სტარტეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება-დამტკიცება.
განცხადებას ავრცელებენ: სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმა; დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ; ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი.