საზოგადოება
27/04/2021

"ანიკასა" და EU-ს დახმარებით საქართველოს 4 რეგიონში შშმ პირებისთვის სოციალური სერვისები ამოქმედდება

ასოციაცია "ანიკა" შშმ პირებისთვის სოციალური სერვისების გაფართოებას გეგმავს. ასოციაცია პროექტს ევროკავშირის დახმარებით „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან“ ერთად განახორციელებს. 

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ორგანიზატორებმა პრეზენტაცია პლატფორმა „ზუმის“ საშუალებით ვირტუალურად წარადგინეს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ პროექტი 3 წლიანია, ის 4 რეგიონში (აჭარა, გურია, იმერეთი და კახეთია) განხორციელდება, ბიუჯეტი კი 977 268 ევროა.

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას მოწყვლად პირთა უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისათვის.

„ამ მიმართულებით განვითარება უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. თვალსაჩინოა ის პროგრესი რაც შშმ პირთა პოლიტიკის მიმართ ხორციელდება, ასევე კონკრეტული საბუთების იმპლემენტაცია. რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის, თუმცა ასეთი პროექტები გვაძლევს საშუალებას უფრო მეტად განვავითაროთ ეს სფერო," – აღნიშნა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ პლატონ კალმახელიძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ სექტორებს შორის კოორდინაცია მნიშვნელოვანია.

„ეს არის მთავარი საშუალება რითაც ჩვენ ვაღწევთ შედეგს და შშმ პირთა უფლებების დაცვას. შშმ პირებისთვის მხოლოდ სპეციფიკური პროგრამები არ უნდა არსებობდეს. ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აცხადებს ნინო ვალიკოვი.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ პროექტი ეხმიანება ინკლუზიური გარემოს დანერგვისა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების მიწოდების გზით, საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადამიანური უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები.

გურიაში დაახლოებით 30 000–მდე შეზღუდული შესაძლებლობების პირია რეგისტრირებული.

„მუნიციპალიტეტთან ერთად ვთანამშრომლობთ ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ამ მიმარტულებით. ამ პროექტის განხორციელების პროცესშიც, ყველა ეტაპზე აქტიურად ჩავერთვებით“– აღნიშნავს,  გურიის მხარის სახელმწიფო რწუმენებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი.  

პროექტის პირველი წლის აქტივობები მოიცავს სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც გაერტიანებული იქნება სხვადასხვა უწყების 15 წარმომადგენელი. ასევე, 4 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს არსებული სოციალური სერვისების კვლევა და პირველადი ანგარიშის წარდგენა სამუშაო ჯგუფისათვის, კომენტარებისა და რეკომენდაციებისათვის.

პროექტის მენეჯერმა ვიქტორია ვასილევამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩატარდება 2 მნიშვნელოვანი კვლევა. ერთი შეისწავლის სამიზნე რეგიონებში არსებულ სოციალურ მომსახურებებს, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. ასევე მეორე კვლევას ჩაატარებს უცხოელი ექსპერტი, რომელიც შეისწავლის უცხო ქვეყნის მაგალითებს და წარმოაჩენს ანგარიშში. საბოლოო ეტაპზე მოხდება ამ ორი კვლევის შედეგების შედარებიტი ანალიზი და გაიცემა რეკომენდაციები. სამუშაო ჯგუფი თავის გადაწყვეტილელებს შეიმუშავებს ამ კვლევებზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ ასოციაცია „ანიკა“ 1997 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებმა შექმნეს და მისი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნა, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა.