საზოგადოება
09/03/2021

ამირან გამყრელიძე პირბადის ტარების მაჩვენებელზე: 43%-ზე ჩამოსვლა საგანგაშოა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა რეგულაციების შემსუბუქების ფონზე პირბადის გამოყენების მაჩვენებლის შემცირებას საგანგაშოდ მიიჩნევს.

ამირან გამყრელიძის თქმით, „ჰელსმეტრიკის“ ინსტიტუტთან ერთად გაკეთებული კვლევის თანახმად, პირბადის ტარების მაჩვენებელი მცირდება.

"სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვიყავით თითქმის 75-ზე ასული და შემდეგ 66-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით, ეს არის 43 %, რაც ძალიან ცუდია," - განაცხადა გამყრელიძემ. 

მისი თქმით, მაჩვენებელი საგანგაშოა, და შეიძლება ეპიდსიტუაციის სერიოზულ გაუარესება გამოიწვიოს, განსაკუთრებით, შემსუბუქებების ფონზე.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მედია საშუალებებს მოუწოდებს მოქალაქეებისთვის ინფორმაცის უფრო აქტიურად მიწოდებისკენ.

"პირბადე ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალებაა და განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი უკვე მოვიტოვეთ და შესაძლებელია, თუ ამ მასშტაბის ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, კიდევ იყოს საუბარი გარკვეულ შემსუბუქებებზე, რომ ეს მთავარი დამცავი საშუალება, ანუ პირბადე, ტარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ. 

თუ ჩვენ, მარტსა და აპრილში, შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას ამ ფარგლებში, როგორშიც დღეს ვართ, მაშინ უკვე, თბილ პერიოდში, მაის-ივნისში, ჩვენ შევალთ კარგი მაჩვენებლებით და დაზიანება ქვეყანაში მოსახლეობის, მხედველობაში მაქვს დაინფიცირება, სიკვდილიანობა და სხვა, იქნება გაცილებით მცირე. ყველას გთხოვთ უმორჩილესად, პირბადე იყოს ერთ-ერთი მთავარი, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, ისევე როგორც დისტანცია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გაიხსნა შიდა სამასპინძლო დაწესებულებები, რომ დიდ თავშეყრებს, ქეიფებს თავი ავარიდოთ,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.