საზოგადოება
25/11/2021

ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობაზე ₾11 მლნ დაიხარჯება

ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ₾11 მლნ-იანი დაფინანსებით ახორციელებს.

სპორტულ კომპლექსში განთავსდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები. თითოეულ დარბაზსა და აუზს ექნება საკუთარი გასახდელები და საშხაპეები. ასევე, პროექტით გათვალისწინებულია ღია კაფესა და მცირე მაღაზიის მშენებლობა. სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი. სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალციხეში სპორტული აქტივობისა და სპორტის მრავალ სახეობაში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ტურნირების ჩატარება იქნება შესაძლებელი. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს თანამედროვე ოლიმპიური აუზისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა 3 დიდ ქალაქში - ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში დაიწყო.