ახალგაზრდა ადვოკატები: არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში სეისმური ინფორმაციის ხელმისწავდომობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ერთიანი ხედვა და ეროვნული სტრატეგია სეისმური უსაფრთხოების საკითხებზე, დემოკრატიული ქვეყნების მაგალითზე, ნაცვლად საჯაროობისა და გამჭვირვალობისა, საქართველო ირჩევს სფეროს მონოპოლიზირების გზას, ხელმისწავდომი არ არის ინფორმაცია მიწისძვრების სრული და ზუსტი სტატისტიკის თაობაზე, არც ერთ სახელმწიფო უწყებას წარმოდგენა არ აქვს ბუნებრივი კატასტროფების ხარისხისა და მნიშვნელობის შესახებ, რაც ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას საზოგადოებრივი თავდაცვის საკითხებში, სრულიად მოუმზადებელსა და დაუცველს ხდის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საკითხის მიმართ შესწავლის ინტერესი განპირობებულია ნ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის მიერ ორგანიზაციის მიმართ წარმოდგენილი მომართვით, რომელიც შეეხება ქვეყნის სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობასთან არსებულ პრობლემას. საკითხი შეეხება ქვეყნის სეისმურ მონაცემებს, რომელსაც ფლობს და დღემდე ამუშავებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ირკვევა, რომ დაწესებულება უარს ამბობს გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებისთვის ხელმისწავდომი გახადოს სეისმური მონაცემები და განმარტებულია, რომ მეცნიერები აღნიშნულ მონაცემებს იღებენ საერთაშორისო ბაზებიდან, სადაც განთავსებულია მწირი მონაცემები მაგნიტუდა 3-ის ზემოთ საქართველოს ტერიტორიისთვის. შესაბამისად, ორგანიზაცია დაინტერესდა საკითხის შესწავლით და სხვადასხვა უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, აქვს თუ არა სახელმწიფოს სეისმური უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და ერთიანი ხედვა. ამასთან, რადენად ხელმისწავდომია ან ღია უნდა იყოს სეისმური მონაცემები დაინტერესებული პირებისთვის, მეტადრე სფეროს კვლევით დაინტერესებული მეცნიერებისთვის, რომელთა პრეტენზიები სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობაზე – სამართლიანია.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არ მოქმედებს არც ერთი ამკრძალავი ნორმა, რომელიც მიწისძვრების თაობაზე არსებულ ინფორმაციას ან/და სეისმურ მონაცემებს განაკუთვნებდა სახელმწიფო საიდუმლოებად ან/და განსაზღვრავდა მონაცემების ხელმისწავდომობაზე რაიმე ფორმით ბარიერს. ორგანიზაციამ გადაამოწმა ნ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია და სრულად იზიარებს იმ პოზიციას, რომ მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით) ყველა ქვეყანაში ღიაა. ნებისმიერი მასალა, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი ბუნებრივი საფრთხეების შეფასებასთან, აუცილებლად უნდა იყოს ხელმისწავდომი ყველა მეცნიერისთვის საქართველოში. მონაცემები, რაც მიწისძვრებს, ჰიდროლოგიას, მეტეოროლოგიას შეეხება, არის ღია ინფორმაცია და მათ მონაცემების საფუძველზე ხდება მეცნიერების შემდგომი განვითარება.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხის სრულფასოვანი შესწავლის მიზნით, უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს, ნ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტს. შესაბამისად, ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას საკითხის ირგვლივ განახორციელოს სამოქალაქო ადვოკატირება, მათ შორის საერთო სასამართლოების გზით, თუკი სესიმური მონაცემების ხელმისწავდომობის საკითხი არ გადაწყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით ან/და მთავრობის ჩარევის გარეშე.