"აგროსექტორში 7 მლრდ-ის, ადგილობრივი წარმოების განვითარებაში 2,5 მლრდ-ის ინვესტირებას ვგეგმავთ"
მთავრობა სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ-ის, ადგილობრივ წარმოებაში კი 2,5 მლრდ-ის , ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში 32 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს, - მთავრობის გეგმებზე პრემიერმა ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცადა.
„სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ 2 მილიარდამდე ინვესტიცია ჩავდეთ ბიზნესთან ერთად, შედეგად, ძლიან ბევრი საწარმო დაფინანსდა საქართველოში, ყველა რეგიონის მიმართულებით. ვიცი, რომ გურიაში ბევრი პრობლემაა ჯერ კიდევ. ლანჩხუთზე რომ ვილაპარაკოთ, ვიცი, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსახლეობისთვის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა. სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ მთავარი აქცენტი. სოფლის მეურნეობაში მთავრობა 7 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს. თითოეული რეგიონის მიხედვით დამუშავებული გვავს გეგმები და სწორად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და რომელი კულტურების გაშენება უნდა წავახალისოთ. ლანჩხუთში ვიცი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან პოპულარულია ლურჯი მოცვის წარმოება და მოყვანა. მთავრობა ამ მიზნით საკმაოდ საინტერესო პროგრამას სთავაზობს მოსახლეობას. შედეგად, 300 ჰექტარზე მეტ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებას შევუწყეთ ხელი. აქტიურად მიმდინარეობს ჩაის პლანტაციების აღდგენა, მაგრამ ეს ყვლაფერი უნდა დაჩქარდეს და მასშტაბები უნდა გაიზარდოს ყველა მიმართულებით.
ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას, აქედან 1 მილიარდი იქნება მთავრობის შენატანი და 1300-ზე მეტი ადგილობრივი წარმოების დაფინანსებას გეგმავს მთავრობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.