საზოგადოება
04/11/2021

აფბა პენსიების საკითხზე შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვას ითხოვს

„არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც სურვილი ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების დარიგების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში, ამის საშუალება დაუყოვნებლივ უნდა მიეცეთ. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მზად არის კომისიის მუშაობაში ჩასართავად და საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების წარმოსადგენად“, – ამის შესახებ აფბას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„მთავრობის მეთაურის განკარგულებით შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომლის მიზანს წარმოადგენს პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების დარიგების სისტემის შესწავლა. ასევე, კომისიის მუშაობა მიზნად ისახავს სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფისთვის საბანკო დაწესებულების გამოსავლენად შესაბამისი საკონკურსო პირობების შემუშავებას.

სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდებში პენსიების და ე.წ. საპენსიო სესხების საკითხი მუდმივად აქტიურდება. ნიშანდობლივია, რომ მიუღებელ ტრადიციად ჩამოყალიბდა პოლიტიკური ძალების მიერ, აქტიური ელექტორალური საზოგადოების გულის მოსაგებად, აღნიშნული საკითხის საარჩევნო მიზნებისთვის აქტუალიზება. მიგვაჩნია, რომ საკითხის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე, პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით, საჯარო სივრცეში გაჟღერებული ფუჭი განცხადებები აზიანებს საკითხის ობიექტურად მოგვარების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოებაში არასწორი და საფუძველს მოკლებული მოლოდინების შექმნას. ამდენად, მნიშვნელოვანია საპენსიო გასაცემლების ირგვლივ ღია და გამჭვირვალე დისკუსიის წარმართვა, რათა საზოგადოებას პროცესის ირგვლივ ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს.

მივმართავთ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, ვიცე-პრემიერს, ბატონ ლევან დავითაშვილს, უზრუნველყოს კომისიის მუშაობაში ჩვენი ორგანიზაციის ჩართულობა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა კომისიის წინაშე წარვადგინოთ საკითხის ირგვლივ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგები. ასევე მზად ვართ, კომისიას გავაცნოთ აფბას ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ადეკვატურია პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების საფუძველზე ბაზარზე არსებული საკრედიტო პროდუქტების  ფასი.

მიგვაჩნია, რომ საკითხი წარმოადგენს განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. ამდენად, აუცილებელია, ყველა ორგანიზაციას თუ პირს, ვისაც აღნიშნული თემის ირგვლივ გააჩნია არგუმენტირებული მოსაზრებები დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს საშუალება გაუზიაროს იგი საზოგადოებას და გახადოს ხელმისაწვდომი უწყებათშორისი სამთავრობო კომისიისთვის“, – ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.