საზოგადოება
19/10/2021

აფბა ჯანდაცვის სამინისტროსგან საპენსიო ტენდერის განახლებული პირობების გასაჯაროებას ითხოვს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა და პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურებასთან დაკავშირებული ახალი სატენდერო დოკუმენტაციის გასაჯაროვება მოითხოვა.

როგორც აფბას მიმართვაშია აღნიშნული, აუცილებელია, ისეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემისადი, როგორიც საპენსიო საკითხია, ყველა აქტივობა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის.

აფბას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ა/ო„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ აქტიურად სწავლობს საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურების და მათთან დაკავშირებული საბანკო სესხების განაკვეთის საკითხს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დანდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უკვე მომზადებულია ახალი სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურებასთან.

ვაცხადებთ, რომ საპენსიო საკითხი ის საკითხია, რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩევა  მისდამი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით. ამდენად, კრიტიკულად აუცილებელია, რომ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის. მით უფრო, როცა ეს ეხება სამინისტროს მიერ შემუშავებულ განახლებული ტენდერის პირობებს.

გამჭვირვალობის მაქსიმალური ხარისხი არის ერთადერთი პირობა, რაც უზრუნველყოფს ნდობას საპენსიო საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესისადმი. სხვა შემთხვევაში, საკითხი კიდევ დიდხანს დარჩება, როგორც აქამდე ყოფილა, წინასაარჩევნო პერიოდებში გააქტიურებული პოლიტიკური ვაჭრობის საგნად. ასეთ დროს კი, როგორც წესი, უკანა პლანზე ინაცვლებს მთავარი – ანუ ის, თუ რა არის რეალურად შესაძლებელი ბენეფიციართა (პენსიონერთა და სოციალური გასაცემლების მიმღებ სხვა პირთა) საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია პროცესის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილ ვადებში, უზრუნველყოთ თქვენს მიერ მომზადებული განახლებული სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვერსიის მოწოდება. ეს საშულებას მისცემს დაინტერესებულ საზოგადოებას, დაიწყოს საგნობრივი მსჯელობა და ანალიზი იმ რეალური შესაძლებლობების თაობაზე, რაც სადღეისოდ არსებობს საკითხთან დაკავშირებით და რასაც საზოგადოებას სთავაზობს სამინისტრო.

ასევე და აქვე, მოგიწოდებთ სამინისტროს, გაასაჯაროვოთ ინფორმაცია, თუ როდისთვის იგეგმება განახლებული ტენდერის გამოცხადება საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურების საკითხთან დაკავშირებით“, – ნათქვამია აფბას მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

Businesspartner