საზოგადოება
31/05/2021

ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრება - თუშეთში ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ერთდროულად ორი ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება: სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი თუშეთში და დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის შექმნაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2020 წლამდე დაიწყო მუშაობა, კვლევებმა აჩვენა, რომ კახეთი ბიოსფერული რეზერვატის დაარსებისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილია.

ბიოსფერული რეზერვატები ერთგვარი ეკოსისტემაა, ის მიზნად ისახავს ადამიანსა და ბუნებას შორის დაბალანსებული ურთიერთქმედების წახალისებას. ეს არის იუნესკოს აღიარებული ტერიტორია, რომელსაც მიენიჭება ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი.

რიგით მეორე ბიოსფერული რეზერვატის თუშეთში დაარსებას საფუძველი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში გამართულ სიმპოზიუმზე „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის ნომინაცია UNESCO-ში და რეგიონის შემდგომი განვითარება“ ჩაეყარა.

„საქართველოში იქმნება ბიოსფერული რეზერვატები, რომლებიც ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების საფუძველია და საშუალებას იძლევა, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების პოტენციალი მაქსიმალურად სწორად გამოვიყენოთ. ეს ყოველივე კი, აისახება ადგილობრივი მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი უპირველესი მიზანია”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

მიხეულ ზუკოვის ფონდის წარმომადგენელმა, ანია ზელცერმა განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ჩატარება.

"ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები UNESCO-ში ბიოსფერული რეზერვატების ნომინაციის მხარდასაჭერ წერილზე. ის, რომ საქართველოში ორი ტერიტორია მიიღებს ბიოსფერული რეზერვატის სტატუსს, მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. ევროპის სხვადასხვა ბიოსფერული რეზერვატის მაგალითები გვაჩვენებს, თუ რა სარგებელს იღებს ადგილობრივი მოსახლეობა მათი არსებობით”, - განაცხადა 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიხეილ ზუკოვის ფონდთან და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) პარტნიორობით, ასევე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „თუშეთის ბიოსფერული რეზერვატის დაარსება აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურად მოწყვლად რეგიონში, კახეთში - დოკუმენტის მომზადება ნომინაციისთვის“.