საზოგადოება
09/09/2022

ადამიანის განვითარების ინდექსში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია გაიუმჯობესა

ადამიანის განვითარების 2021/2022 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველომ 2021 წელს წინა წელთან შედარებით ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) სარეიტინგო პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და 63-ე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ზედიზედ მეოთხედ მიენიჭა ადამიანის განვითარების „ძალიანი მაღალი დონის“ სტატუსი. ადამიანის განვითარების ინდექსის სარეიტინგო პოზიციის გრძელვადიანი, ანუ ექვსწლიანი გაუმჯობესების მიხედვით ადამიანის განვითარების ძალინ მაღალი დონის ჯგუფის ქვეყნებს შორის საქართველო მეორე ადგილზეა არაბეთის გაერთიანებული ემირატების შემდეგ. ანგარიშის თანახმად 2015-2021 წლებში საქართველო რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა, არაბეთის გაერთიანებული ემირატები 9 ადგილით, ირლანდიამ, თურქეთმა და ხორვატიამ კი 6 ადგილით გაიუმჯობესეს სარეიტინგო პოზიცია.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან, ზედიზედ მეოთხე წელია, რაც საქართველო ადამიანის განვითარების „ძალიან მაღალი“ დონის მქონე ქვეყნის სტატუსს ოფიციალურად ატარებს. იქამდე მას ასეთი სტატუსი არასდროს ჰქონია. ადამიანის განვითარების მსოფლო რეიტინგში გაერომ საქართველო 2000 წლიდან ჩართო. 2000 წელს ქვეყანა 65-ე ადგილზე გავიდა, 2003 წელს 68-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, 2012 წელს კი 70-ე ადგილამდე გაიუარესა სარეიტინგო პოზიცია, 2012 დან 2021 წლამდე კი ჩვენს ქვეყანას რეიტინგი 7 ადგილით აქვს გაუმჯობესებული და სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსს ატარებს.

საზოგადოების კეთილდღეობის საზომებს შორის მსოფლიო მასშტაბით მოწინავე არის გაეროს ადამიანური განვითარების ინდექსი, რომელიც აერთიანებს ადამიანური განვითარების მრავალ ასპექტს, ეკონომიკურს, სოციალურს, შესაძლებლობებს, არჩევანის თავისუფლებას და ა.შ. იგი ფოკუსიებულია ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე. მიღებული ქულების შესაბამისად ქვეყნები 4 კატეგორიად ნაწილდება შესაბამისად ადამიანური განვითარების „ძალიან მაღალი“, „მაღალი“, „საშულო“ და „დაბალი“ დონის მიხედვით.