ACT კვლევა: ტურბულენტობის მიუხედავად წიგნებზე მოთხოვნა მაინც არსებობს
მიუხედავად იმ ტურბულენტური ზონისა, რომელშიც ახლა მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმყოფება წიგნებზე მოთხოვნა და მისი შეძენის სურვილი კვლავ არსებობს, - ასეთია ACT-ის ქართული წიგნის ბაზრის კვლევის შედეგი, რომელიც კომპანიამ „წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ და „მწერალთა სახლის“ ერთობლივი დაკვეთით ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, წიგნის რეალიზაციის სხვადასხვა ობიექტს შორის, წიგნის მაღაზიები უპირობო ლიდერია. პანდემიის დაწყებამდე, მაღაზიებს წლის განმავლობაში მკითხველთა 75% სტუმრობდა, რასაც საგრძნობლად ჩამოუვარდება წიგნის ფესტივალებზე დასწრების მაჩვენებელი (18%).
რაც შეეხება ბიბლიოთეკებს, მოსახლეობის აქტიურობა დაბალია. "პანდემიის პერიოდზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მოსახლეობის 77%-ს მის დაწყებამდეც კი არ უსარგებლია ბიბლიოთეკით, რის ძირითად მიზეზადაც დროისა და საჭიროების არქონას ასახელებენ", - ნათქვამია კვლევაში.
უახლოეს მომავალში საკუთარი ბიბლიოთეკის განახლებას, ACT-ის გამოკითხული რესპონდენტების 14% ნაკლებად გეგმავს ან საერთოდაც გამორიცხავს წიგნის შეძენას მიმდინარე წლის მანძილზე.
ამავდროულად 10-დან 6 მკითხველი (64%) მზადაა ესტუმროს წიგნის რეალიზაციის ობიექტებს და განახლოს საკუთარი ბიბლიოთეკა.
ACT-იმ კვლევის ფარგლებში წლის თებერვალში, შემთხვევითი შერჩევის გზით, გამოკითხა 1000 ზრდასრული (16+) ადამიანი თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, გორის და ზუგდიდის მასშტაბით. გამოყენებული მეთოდი – პირისპირი ინტერვიუ. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.4%-ს.