8 კომპანიის ერთი მმართველი და ₾0.5 მლნ-ის დღგ-ს ყალბი აქტივები - როგორ აზარალა მეწარმემ ბიუჯეტი
საქართველოში რეგისტრირებული 8 კომპანიის ერთმა მმართველი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბიუჯეტი აზარალა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომპანიის მმართველი ყალბი საგადასახადო დოკუმენტებს იყენებდა და სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობის თანხებს თაღლითურად ეუფლებოდა, შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.
საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო საქართველოში რეგისტრირებული 8 კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2020 წლებში, მისი მართვს ქვეშ მყოფ კომპანიებს შორის გაწერა ჯამში 3 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო-სარემონტო მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც აღნიშნულ მეწარმე სუბიექტებს შეუქმნა დაახლოებით 500 000 ლარის დამატებული ღირებულების გადასახადის ე.წ. ფიქტიური აქტივი, რომლის ნაწილს - 157 435 ლარს იგი თაღლითურად დაეუფლა, ნაწილი გამოიყენა კომპანიებზე რიცხული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი, 180-ე და 185-ე მუხლების მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.