საზოგადოება
31/05/2021

31 მაისს მსოფლიო 34-ედ აღნიშნავს თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს

31 მაისს, მსოფლიო უკვე 34-ედ აღნიშნავს თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს.

“მსოფლიო თამბაქოს გარეშე” ასე ჰქვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ დღეს, რომელსაც საქართველო მეოთხე წელია განსაკუთრებულად ხვდება. სწორედ ამდენი ხანი გავიდა თამბაქოს კონტროლის კანონის მიღებიდან, რომლის აღსრულებაც 2018 წლის პირველ მაისს, კანონის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლების, დახურულ სივრცეში მოწევის და ქუჩებში, თამბაქოს რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვით დაიწყო.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი აღვნიშნავს, რომ გამართლდა ორგანიზაციის პროგნოზი და ამაო აღმოჩნდა თამბაქოს ინდუსტრიის წაქეზებით, კანონის მიღებამდე და აღსრულების დაწყებამდე ბიზნესის წარმომადგენლების ვნებათაღელვა, თითქოს დახურულ სივრცეში, კერძოდ, ბარ-რესტორნებში, კაფეებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში მოწევის აკრძალვა ე.წ. სამასპინძლო ბიზნესს დააქცევდა.

"საერთაშორისო გამოცდილების და ლოგიკური გათვლების საფუძველზე, გამორიცხული იყო დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი. მეტიც, სამასპინძლო ბიზნესის მოცულობა და ბრუნვა უნდა გაზრდილიყო. ასეც მოხდა.

როდესაც კაფე-ბარებსა და რესტორნებში და სასტუმროებში თამბაქოს კონტროლის კანონის ეკონომიკურ შედეგებზე ვმსჯელობთ, აუცილებლად მხოლოდ 2018 წლის მაისიდან 2019 წლის ბოლომდე პერიოდი უნდა განვიხილოთ, რადგან შემდგომ დაიწყო ახალი კორონავირუსის გამო შეზღუდვები და პრაქტიკულად ყველაფერი გააჩერა.

სტატისტიკის ოფიციალური ორგანოს მონაცემებით, მოკლე, წელიწადნახევრიან პერიოდში გაიზარდა ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის დაწესებულებების რაოდენობა. შესაბამისად, გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი და ბრუნვა.

თამბქოს ინდუსტრია და მისი ლობები ცდილობდნენ, მთავრობა დაერწმუნებინათ, რომ თამბაქოს ნაწარმის ქუჩის რეკლამის (ბილბორდების და სხვა) აკრძალვა დააზარალებდა სარეკლამო ბიზნესს. კვლავ ოფიციალური სტატისტიკით, 2018 -20 19 წლის ბოლომდე ამ ბიზნესში უფრო მეტი კომპანია გაჩნდა, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და ბრუნვა.

ასევე ავრცელებდნენ პანიკას სავაჭრო ობიექრტებთან დაკავშირებით, რომ თამბაქოს გარე და შიდა ხილვადობის აკრძალვა ამ ბინზესს დააქცევდა. ფაქტია, პირიქით აღმოჩნდა, სავაჭრო ობიექტების რაოდენობა გამუდმებით მატულობს.

ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ეფექტი ჯანმრთელობის სფეროში. 7-დან 12-13%-მდე შემცირდა ინფარქტის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების და ასთამის მწვავე შემთხვევები. შესაბამისად შემცირდა სახელმწიფოს და მოსახლეობის დანახარჯები აღნიშნული მიმართულებებით მკურნალობაზე და რაც მთავარია, გადარჩა უამრავი სიცოცხლე.

რა ხდება თამბაქოს ნაწარმის გავრცელება და მოხმარების მხრივ?

თუ 2018 წელს მწეველი დღეში 21 ღერს ეწეოდა, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, ერთი მწეველი მოიხმარს 17 ღერს, 15%-ით შემცირდა მთლიანად მოხმარებული სიგარეტების მოცულობა. ხოლო მწეველთა რაოდენობა შემცირდა 8%-ით.

ეს არის მოკლე დროში კოლოსალური შედეგი. ამან რა თქმა უნდა, გავლენა იქონია თამბაქოს მოცულობის შემცირებაზე.

ჩვენ გვაწუხებს კონტრაბანდული თამბაქოს საკითხი, რასაც უკვე კარგად ამოცნობილი და დადასტურებული გამომწვევი მიზეზი აქვს - ადმინისტრაციული საზღვრის უკონტროლობა და კორუფცია, რომელშიც ჩართულია არამხოლოდ რეგიონალურ დონეზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების ჩინოსნებიც.
უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არც უკანონო ვაჭრობის და კონტრაბანდის ქსელური სისტემის განადგურებას არ ექცევა შესაბამისი ყურადღება და ქვეყანა არც უკანონო ვაჭრობის საერთაშორისო ოქმს არ უერთდება. ეკონომიკის სამინსიტრო ბლოკავს ამ საკითხს, რადგან მათ უკან დგას თამბაქოს ინდუსტრია.

როდესაც თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებზე ვლაპარაკობთ და განვიხილავთ სხვადასხვა ტიპის რეგულაციებს, ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ მათი მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შეუმცირდეთ ან საერთოდ გაუქრეთ თამბაქოს მოხმარების სურვილი.თუმცა, ამკრძალავ რეგულაციებთან ერთად მნიშვნელოვანია არსებობდეს თამბაქოზე თავის დანებების ხელშემწყობი პროგრამები. ამას აკეთებენ არასამთავრობო, ან სარეაბილიტაციო ორგანიზაციები და ამას უნდა აკეთებდეს სახელმწიფოც, რომელიც არის თამბაქოს კონტროლის კანონის მიღები და აღმასრულებელი.ამასთან, სახელმწიფო სწორედ კანონის დონეზე უნდა კრძალავდეს იმ თავაშვებულობას, რასაც თამბაქოს ინდუსტრია ინტერნეტ სივრცეში ეწევა. როგორც მოწევაზე თავის დანებების საშუალებებს ფართო პოპულარზაციას უწევს ელექტრონულ და გახურებად თამბაქოს. სიცრუეა, რომ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები მწეველს მოწევაზე თავის დანებებაში ეხმარება, ამას ადასტურებს ჯანმო და ამერიკის წამლის და საკვების სააგენტო. თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტი ისეთივე და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მავნეა, ვიდრე კლასიკური სიგარეტი. აღსანიშნავია, რომ 2021 წელი ჯანმომ თამბაქოზე თავის დანებების წლად გამოაცხადა.

ჩვენ ვთქვით, რომ ყოველი რეგულაცია, რაც თამბაქოს კონტროლთან არის დაკავშირებული, ემსახურება მწეველობაზე უარის თქმისკენ ბიძგს, ან უბრალოდ ცოტა რომ მოწიონ. ამ მიზნით კანონს კიდევ ერთი სიახლე დაემატება, პარლამენტში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით მოწევა აიკრძალება ტაქსებში და სავარაუდოდ კერძო ავტომობილებში, თუ მასში მოზარდი, მვირეწლოვანი ზის. ვიმედოვნებთ, ამ მოწვევის პარლამენტი შეძლებს კიდევ უფრო დახვეწოს არსებული კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ და ხელი შეუწყოს ადამიანებისთვის საარსებო ჯანსაღი გარემოს შექმნას და მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის ზრუნვას", - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.