საზოგადოება
11/03/2021

3 წელში მთის განვითარებისთვის ₾1 მლრდ-მდე დაიხარჯება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, 2019-2023 წლების მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას და 2023 წლისთვის არსებული დემოგრაფიული ვითარების შერბილებას მაღალმთიან რეგიონებში არსებული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.

მისი თქმით, დოკუმენტი ითვალისწინებს ღონისძიებების გატარებას სამი მიმართულებით - მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობა.

2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანებია, ტურიზმის განვითარების, სოფლის მეურნეობის, სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა, ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება, კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

აღნიშნული მიზნების განხორციელებისათვის 973 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა, რაც 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ თანხას 20%-ით აღემატება.