2030 წლისთვის მეცნიერების ბიუჯეტი 243 მილიონ ლარს მიაღწევს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სახელმწიფოს მოვალეობაა, საქართველოშ გაძლიერდეს მეცნიერების განვითარების მხარდაჭერა, შეიქმნას ეფექტიანი მოქნილი და ხარისხზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობა იქნება.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფორმატში მოხდება მეცნიერების პრიორიტეტების განსაზღვრა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა მეცნიერების განვითარების კუთხით შედეგზე ორიენტირებული კვლევების ხელშეწყობის მნიშვნელობას.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ შედეგზე ორიენტირებული საუკეთესო ხარისხის კვლევების წარმოებას, რისთვისაც გაიზარდა და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსების მოცულობა, გაფართოვდება გრძელვადიანი მიზნობრივი სამეცნიერო კვლევების პროგრამები.
საბოლოო ჯამში, სამეცნიერო-კვლევითი პროცესის შედგები ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანების კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. ეს კი სწორედ შედეგებზე ორიენტირებული საუკეთესო ხარისხის კვლევების ხელშეწყობით არის შესაძლებელი,“ – განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, დაინერგება მეცნიერების მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ევროპული მოდელი.
„იგეგმება მაქს პლანკის ინსტიტუტების მოდელის გათვალისწინებით სამეცნიერო დარგების კლასტერულად განვითარება. ამ მოდელის განხორციელებაში სამინისტროსთან ერთად აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება“,- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო მხარს დაუჭერს ღია მეცნიერების პოლიტიკის განვითარებას, რაც ქვეყნის მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში წარმატების მაჩვენებელს გაზრდის. განვითარდება ეროვნული სამეცნიერო ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ევროპულ ქსელებთან ინტეგრირდება.
გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მზადება ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს. აღნიშნული საგრანტო ოფისები ქართველ მეცნიერებს დაეხმარება, შექმნან და განახორციელონ სამეცნიერო პროექტები ევროკავშირის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.
სამინისტროს ხედვით, განხორციელდება არაერთი სამეცნიერო ინფრასტრუქტურული პროექტი. შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი სამეცნიერო ლაბორატორიები. ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ყოველწლიურად ზრდადი დაფინანსება 2030 წლისთვის 30 მილიონ ლარს მიაღწევს, ხოლო მეცნიერებისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 243 მილიონი ლარი იქნება.