2023 წლიდან ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება
2023 წლიდან ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირებას ადგილობრივ ბაზარზეც შემოიღებენ. აღნიშნულს "ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით,„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ოთხი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის.
„ღვინის კატეგორიებს ემატება ახალი - „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, რომლის წარმოებისთვისაც დაშვებული იქნება შესაბამისი ტექნიკა, აღიარებული ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.
შემდეგი ცვლილება ეხება რეგულირების ახალი ობიექტის დამატებას, რაცაა ღვინისეული სასმელი, ანუ ღვინის ბაზაზე დამზადებული სასმელი.
მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ადგილობრივ ბაზარზე ღვინის სავალდებულო სერტიფიცირებას, რომელიც 2023 წლის იანვრიდან შემოდის. ეს ადგილობრივი ბაზრის მეტი კონტროლის საშუალებას მოგვცემს.
კანონში შეტანილი ცვლილებით ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შესაბამისი ორგანოების მიმართვის საფუძველზე, ტრანზიტული ტვირთების ექსპერტული ანალიზის ჩატარების უფლება ენიჭება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.