2022 წელს თბილისში ₾1.545 მლრდ-ის პროექტები განხორციელდება
მომავალ წელს თბილისში სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე 1.545 მლრდ ლარი დაიხარჯება.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 1.305 მლნ ლარი საბიუჯეტო, 240 მლნ ლარი დონორების სესხების ნაწილია.
პროექტებს შორის ქალაქის მერი ასახელებს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მათ შორის, დაგეგმილია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, უსახლკაროების ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა, ახალი პარკების გაშენება და არსებულების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობა და ა.შ.
ქალაქის მერი იმედოვნებს, რომ თბილისის საკრებულოე დაზუსტებული ბიუჯეტს მხარს დაუჭერს.
მისივე თქმით, მომდევნო წლებში დაგეგმილია, რომ დედაქალაქის მთლიანი ბიუჯეტი 1.7 მლრდ ლარს მიაღწიოს.
კახა კალაძემ მაგალითად 2017 წელი მოიყვანა, როდესაც ბიუჯეტი დაახლოებით, 825 მლნ ლარს შეადგენდა.
"რაც უფრო დიდია ბიუჯეტი, უფრო მეტია შესაძლებლობები იმისა, რომ კარგი პროექტები განვახორციელოთ. მომავალი წლის ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას ჩვენი ქალაქი იყოს უფრო გამწვანებული, ინფრასტრუქტურულად უფრო მოწესრიგებული, უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტი, დაახლოებით, 50 მლნ ლარით გაიზრდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მომავალ წელს 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსი შემოვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა სრულად მოგვარდება.
"2022 წელს ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვას. ეს არის 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსები. შემდეგ უკვე ვფიქრობთ, 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანას, თუმცა, ამ ეტაპზე, რვამეტრიანი ავტობუსების შესყიდვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მთლიანად მოგვარდება. მიმდინარე წლის ბოლომდე, ქალაქში ლურჯი მიკროავტობუსები შემოვა და მომავალი წლის პირველ კვარტალში ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება“, - განაცხადა მერმა.