2022 წელს საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა 36 %-ით შემცირდა
2022 წელს საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა 36 %-ით შემცირდა. გასულ წელს ჯამში 30 515 მართვის მოწმობა გაიცა.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021-ში ეს მაჩვენებელი 47 ათასს აჭარბებდა. კლება სავარაუდოდ, მართვის მოწმობის აღების გართულებითაა გამოწვეული, რაც ორეტაპიანი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მომაცემებს, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 5 746 მართვის მოწომობა გაიცა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქართული მართვის მოწმობა 44-მა უცხოეთის მოქალაქემ აიღო, აქედან 16 რუსეთის მოქალაქე იყო, 6 - აზერბაიჯანის, 4 - უკრაინის, 4 - ინდოეთის, 2 - ბანგლადეშის. ერთეული მართვის მოწმობის აღების შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ავღანეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, სერბეთის, ბელგიის, იემენის, სომხეთისა და კოტ-დივუარის მოქალაქეების მიერ.
აღსანიშინავია ისიც, რომ ზოგიერთი მართვის მოწმობის შემთხვევაში, პირის მოქალაქეობა მითითებული არ არის, შესაბამისად, შესაძლებელია უცხოეთის მოქალაქეების შესახებ არსებული მონაცემები სრულყოფილი არ იყოს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილიდან მართვის მოწმობის გამოცდა ორეტაპიანი გახდა. მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩატარება მოედნის გარდა რეალურ მოძრაობაში, ქუჩაში უწევთ.