"2021 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ადრინდელზე 1.5-ჯერ უფრო მაღალი იქნება"
ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე მთავრობის მიერ 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის კორექტირებას აფასებს. ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე მოლოდინი არსებობდა.
“2021 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკამ ფაქტობრივად ყველა პარამეტრის მიხედვით სოლიდური ზრდა აჩვენა! წინა წლის აპრილთან შედარებით ეკონომიკის მოცულობა რეკორდულად მაღალი - 44.8 პროცენტით გაიზარდა, რაც ასევე მნიშვნელოვნად - 20.7 პროცენტით - აღემატება კრიზისამდელი, 2019 წლის აპრილის დონესაც. აპრილის თვის ასეთმა წარმატებამ უზრუნველყო წლის პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის სოლიდური მატებაც (+8.1%), რამაც საგრძნობლად გადააჭარბა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ბოლოდროინდელ პროგნოზს,” - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.
მისი განცხადებით, ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა ეროვნული მეურნეობის თითქმის ყველა დარგში - იქ, სადაც იქმნება ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტის 91 პროცენტზე მეტი. მისი თქმით, აპრილში დაფიქსირდა სამეწარმეო აქტიურობის მკვეთრი მატება, რამაც ასახვა ჰპოვა როგორც ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის ზრდაში (15-ჯერ მეტი 2020 წლის აპრილთან შედარებით), ისე დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდის მიხედვითაც, რომელიც წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა (+93.4%). დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ აპრილში (8442.1 მლნ. ლარი) წინა სამი თვის (იანვარ-მარტი) საშუალო მაჩვენებელს 22.2 პროცენტით გადააჭარბა.
იოსებ არჩვაძის თქმით, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა იქნას მიჩნეული ექსპორტის სოლიდური ზრდა, განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტისა, რომელმაც აპრილში 60.6 პროცენტი შეადგინა და სიდიდით (277.3 მლნ. აშშ დოლარი) თვეების მიხედვით ისტორიულად მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა, ეროვნული ეკონომიკის ზრდაში საგრძნობი წვლილი შეიტანა ქვეყნის ფარგლებს გარედან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა ტრანზაქციებმა, რომელთა მოცულობამ აპრილში 194.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.5 პროცენტით აღემატება გასული წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელს და 145.4%-ით - 2020 წლის აპრილის მაჩვენებელს.
„მთლიანობაში, მიღწეული პარამეტრები შედეგია იმ თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის, ანტიკრიზისული ღონისძიებებისა, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში. შედეგები კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების კვალობაზე ტურიზმის მიმართულებით აქტიურობის გაძლიერების პარალელურად. აღნიშნული გარემოებები აძლიერებენ პოზიტიურ მოლოდინებს და ზრდიან ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელსაც, რომელიც ადრინდელზე დაახლოებით 1.5-ჯერ უფრო მაღალი იქნება (სულ ცოტა, +6.5%, ნაცვლად +4.5%-სა). მთავრობის აღნიშნული საბაზისო პროგნოზი მაღალი ალბათობით, შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც გაიზარდოს და ოპტიმისტური პროგნოზით, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში (+10.2%) გამოიხატოს,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
მისი თქმით, პროგნოზით, მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა მომავალ, 2022 წელსაც (+6.9%). ეს კი თავის მხრივ, საშუალოვადიან პერსპექტივაში დააჩქარებს ხარისხობრივი ეკონომიკური ინდიკატორების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, მათ შორის სახელმწიფო ვალის ქვეყნის მშპ-სთან შემცირებას და საბიუჯეტო დეფიციტის პარამეტრის კლებას, რაც საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვალუტის სტაბილურობასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.