საზოგადოება
19/04/2021

200 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 203 375 განაცხადია დარეგისტრირებული

ყოველთვიური 200 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 19 აპრილის ჩათვლით, შემოსავლების სამსახურში 203 375 განაცხადი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

მათი ცნობით, განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 აპრილი. 

“თუ დამქირავებელი აპრილში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, მარტის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 20 აპრილის ჩათვლით, რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით“,- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (1 იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში),  მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

დამსაქმებლების მიერ, კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის,  ონლაინ შევსების წესის შესახებ ვიდეო ინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159

https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8

“სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.