18 მაისიდან კახა კალაძე თბილისელებისთვის ანგარიშის ჩაბარებას იწყებს
თბილისის მერია 18 მაისიდან იმ პროექტების პრეზენტაციას იწყებს, რომელიც 2017 წლიდან დღემდე, შვიდი ძირითადი პოლიტიკის მიმართულებით განახორციელა.
„2017 წელს ჩვენ თბილისის მოსახლეობამ ოთხი წლის ვადით აგვირჩია. ეს მანდატი წელს ოქტომბერში იწურება. არჩევნებში მონაწილეობის დროს საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, რომელიც შედგებოდა შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან. ეს იყო ის მიმართულებები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა თბილისის მოსახლეობას. ეს იყო ურბანული განვითარების პოლიტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგიური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა. ჩვენ ამ შვიდივე მიმართულებით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმა წამოვიწყეთ, რომელთაგან ზოგიერთი ახლაც განხორციელების პროცესშია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მოსახლეობა მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, თუ რა პროექტები განხორციელდა აღნიშნული შვიდი მიმართულებით.