საზოგადოება
03/11/2021

15 პარკის პროექტი, ქუჩების რეაბილიტაცია - კახა კალაძის დავალებები მოადგილეებს

პარკების, ქუჩებისა და გამზირების რეაბილიტაცია - ეს თბილისის მეორე ვადით არჩეული მერი კახა კალაძის დავალებებია მოადგილეებისთვის. ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს 15 პარკის პროექტის, პროგრამით გათვალისწინებული გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყება დაავალა.

„დიდი რესურსი აქვს ქალაქს იმისთვის, რომ იყოს ყველაზე მწვანე და ლამაზი. არაფერი უხდება თბილისს ისე, როგორც სიმწვანე, როგორც ადამიანებით გადავსებული პარკები. ამიტომ, უკვე დაიწყეთ იმ  15 პარკის პროექტის მომზადება, რომელთაგან ცხრა ახალი პარკი იქნება, რათა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ეს პროექტები უნდა იყოს ისე გაკეთებული, რომ ყველამ ვიამაყოთ: როგორიცაა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (ე.წ. კიკვიძის) და გოძიაშვილის პარკები, ვაკის პარკი, „მზიური“. ეს მიდგომები და დამოკიდებულებები გვჭირდება, რომ დედაქალაქში მომდევნო წლების განმავლობაში, კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონა შევქმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალქისთვის ინფრასტუქტურული პროექტები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

„გამზირების რეაბილიტაცია, ქუჩების კეთილმოწყობა - ეს არის ის პროექტები, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ქალაქს. ჩვენი დაპირება იყო მელიქიშვილის ქუჩის, ქეთევან დედოფლის, რუსთაველის, წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია. უკვე დაიწყეთ პროექტების მომზადება, რათა მომავალი წლიდან შევძლოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და პროექტების განხორციელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.