10 სახელმწიფო კომპანია, სადაც ყველზე მეტი დასაქმებულია - IDFI-ს კვლევა
სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი მართვა ქვეყნის ეკონომიკისათვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც სახელმწიფო კომპანიების საკადრო და სახელფასო პოლიტიკის გამოწვევებს ეხება.
IDFI-ის თანახმად, 2019 წელს სახელმწიფო საწარმოთა ზარალმა 237 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, არსებული ფინანსური პრობლემების მიუხედავად, საწარმოთა ყველა დარგის მიხედვით, შენარჩუნებულია თანამშრომელთა დასაქმების მზარდი ტენდენცია. კერძოდ, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, თანამშრომელთა რიცხოვნობა გაზრდილია დაახლოებით 2%-ით (+575 თანამშრომელი).
2019 წელს 14 სახელმწიფო კომპანიის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 428 მილიონ ლარს, რაც 9%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (392 მილიონი).
შესწავლილ სახელმწიფო საწარმოებში 2019 წელს, წინა წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების ხარჯები გაზრდილია 4%-დან 32%-მდე.
“სახელმწიფო კომპანიების სახელფასო ხარჯების ზრდის ტენდენცია, უმეტესწილად შენარჩუნებულია კომპანიების არასახარბიელო ფინანსური შედეგების ფონზე. მაგალითად, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ხელფასის ხარჯი გაიზარდა 15%-ით, მაშინ როდესაც წლიური მოგება 40 მილიონით შემცირდა. შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში შრომის ანაზღაურების ხარჯები 2019 წელს გაზრდილია 8%-ით, მაშინ როდესაც კომპანიის ზარალი 85 მილიონს შეადგენდა.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიის მიმღები ცალკეული კომპანიები თანამშრომლებზე გასცემენ ბონუსებს. მაგალითად, შპს საქართველოს მელიორაციამ 2018-2019 წლებში ბონუსის სახით გასცა 2.8 მილიონი ლარი (2019 – 1.3 მილიონი, 2018 – 1.5 მილიონი ), შპს ბლექ სი არენა ჯორჯიამ 1.1 მილიონი ლარი (2019 – 315 ათასი, 2018 – 759 ათასი).
11 სახელმწიფო კომპანიის მენეჯმენტის ანაზღაურებამ 2019 წელს 9.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 15%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (8.3 მილიონი).
ცალკეული სახელმწიფო კომპანიების ხელძღვანელის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში არ არის ასახული მათ მიერ მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია“,- აცხადებენ IDFI-ში.
სახელმწიფო კომპანიები, სადაც დასაქმებულია ყველაზე მეტი თანამშრომელი:
საქართველოს რკინიგზა - დასაქმებულია 12 476 ადამიანი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია - დასაქმებულია 6 302 ადამიანი.
თბილსერვის ჯგუფი - დასაქმებულია 4 983 ადამიანი.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - დასაქმებულია 2 724 ადამიანი.
საქართველოს ფოსტა - დასაქმებულია 2 495 ადამიანი.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - დასაქმებულია 1527 ადამიანი.
საქართველოს მელიორაცია - დასაქმებულია 1 432 ადამიანი.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი - დასაქმებულია 1176 ადამიანი.
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა - დასაქმებულია 1 161 ადამიანი
ენგურჰესი - დასაქმებულია 996 ადამიანი.