Reuters: მოსკოვი ირანის ფინანსურ ბაზარზე აქტიურდება
მოსკოვი ძალისხმევას არ იშურებს, ირანში მისი საბანკო წარმომადგენლობა გააძლიეროს. ამ პროცესს კი, შეიძლება ითქვას, რომ რუსული VTB ხელმძღვანელობს.
უკვე ერთ კვირაა, რაც რუსეთის სიდიდით მეორე ბანკმა VTB VTBR.MM-მა ირანის დედაქალაქ თეირანში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა. დასავლეთის სანქციებით შეზღუდული ორივე ქვეყანა იმედოვნებს, რომ ვაჭრობა და ტრანზაქციების შესაძლებლობები გაუმჯობესდება.
თეირანელმა პროფესორმა და სავაჭრო პალატის წევრმა ჯამშიდ ედალატიანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანსა და რუსეთს შორის ვაჭრობის ღირებულება დოლარის გლობალურ დომინირებას ვერ დაჩრდილავს, ვაჭრობა ამ ორს ქვეყანას შორის გასულ წელს 36%-ით გაიზარდა.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა VTB-მ შარშან 7,7 მილიარდი დოლარი იზარალა, რადგან დასავლეთის სანქციები განსაკუთრებით რუსეთის ფინანსურ სექტორს შეეხო. ბანკი ერთ-ერთია მრავალ სხვა რუსულ ბანკს შორის, რომელიც SWIFT-ის საერთაშორისო ფინანსურ სისტემაშია დაბლოკილი.
რაც შეეხება ირანს, ის SWIFT-დან 2018 წლიდან გათიშულია. როგორც ჩანს, ამ ქვეყანასთან კავშირები რუსეთისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ჯარები გაგზავნა.
ორმა ქვეყანამ უკვე დააკავშირა ბანკთაშორისი კომუნიკაციისა და გადარიცხვის სისტემები. თეირანი მომავალი თვეების განმავლობაში გეგმავს რუსული Mir გადახდის სისტემის მიღებას, რაც Visa-სა და Mastercard-ის რუსული ალტერნატივაა.
ედალატიანმა თქვა ისიც, რომ ირანი ეძებს კომერციული კავშირების განვითარების შესაძლებლობებს ჩინეთთან და სპარსეთის ყურესთან.
”თუ ჩვენს ბირჟებსა და ვაჭრობაში დოლარი უქმდება, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია დაიზოგოს მინიმუმ, 20% და ეს ძალიან დაეხმარება ირანის ეკონომიკას” - განაცახადა ჯამშიდ ედალატიანმა.
Reuters-ის ცნობით, VTB-მ უკვე გახსნა საკორესპონდენტო ანგარიშები ირანულ ბანკებთან.
სანდო წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური კავშირების გასამყარებლად უახლოეს კვირებში ირანს რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინაც ესტუმრება.