რამდენიმე ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერა
დანია ორი კვირით აჩერებს Oxford-AstraZeneca ვაქცინის გამოყენებას, ვაქცინის კონკრეტული ჯგუფის გამოყენება შეაჩერა ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, - ინფორმაციას CNN-ი აქვეყნებს.
"გამოვლინდა შესაძლო სერიოზული გვერდითი ეფექტის ნიშნები, სასიკვდილო თრომბების სახით, თუმცა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია დავასკვნათ, თრომბი უკავშირდებოდა თუ არა ვაქცინას, საჭიროა მისი საფუძვლიანად გამოკვლევა,” - განაცხადა დანიის ჯანდაცვის მინისტრმა მაგნუს ჰეუნიკემ.
AstraZeneca–ს ვაქცინის შეჩერება ერთ ფატალურ შემთხვევას უკავშირდება. ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს დირექტორმა განაცხადა, რომ დანია ისტორიაში ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინაციის პერიოდშია.
„ახლა გვჭირდება ყველაფერი ვირუსის შესაჩერებლად, ამიტომ ვაქცინაზე დროებით უარის თქმა ადვილი გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ ზუსტად ამიტომ, უნდა ვიცოდეთ შესაძლო სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ. ამის გარკვევა უნდა მოხდეს, სანამ AstraZeneca-სგან ვაქცინის გამოყენებას გავაგრძელებთ,” - თქვა სორენ ბროსტრამ, ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს დირექტორმა განცხადებაში.
რამდენიმე დღით ადრე, ავსტრიამაც შეაჩერა AstraZeneca ვაქცინის ერთი კონკრეტული ჯგუფის გამოყენება (პარტია ABV5300), მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პიროვნებას მრავლობითი თრომბოზის დიაგნოზი დაუსვეს.
ამ კვირაში, ესტონეთმა, ლიტვამ, ლუქსემბურგმა და ლატვიამ ასევე შეაჩერეს AstraZeneca–ს პარტია ABV5300–ის გამოყენება, რომელიც გადაეცა ევროკავშირის 17 ქვეყანას და მოიცავს 1 მილიონ დოზა ვაქცინას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ, მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთში, შეცვალა რეკომენდაციები 65-ზე მეტი ასაკის ჩათვლით, რადგან რეალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ AstraZeneca ვაქცინა ეფექტურია ხანდაზმული მოსახლეობის ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად, – წერს CNN-ი.