მსოფლიო
04/04/2023

L'Oreal-ი ავსტრალიურ ბრენდ Aesop-ს $2.5 მლრდ-ად ყიდულობს

L'Oreal ავსტრალიური კანის მოვლის ბრენდს Aesop-ს ყიდულობს. შეთანხმების მოცულობა $2.5 მლრდ-ია. გარიგება სავარაუდოდ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დასრულდება. - ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც კომპანია აცხადებს, ბრენდი არის ურბანულობისა და ფუფუნების შესანიშნავი კომბინაცია.

Aesop-ი უკვე 36 წელია ბაზარზეა და მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 400 მაღაზიას ფლობს.

"L'Oreal-ი ხელს შეუწყობს Aesop-ის უზარმაზარი პოტენციალის გამოვლენას, განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც ბრენდმა თავისი პირველი მაღაზია 2022 წელს გახსნა, ასევე დაეხმარება საცალო ვაჭრობის მიმართულების განვითარებაში."-თქვა L'Oreal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლას იერონიმუსმა.

აღსანიშნავია, რომ 2012-დან 2022 წლამდე Aesop-ის გაყიდვები $28 მილიონიდან $537 მილიონამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, Aesop 1987 წელს სტილისტმა დენის პაფიტისმა დაარსა, რომელმაც თავდაპირველად საქმიანობა პროდუქტებში ეთერზეთების შერევით დაიწყო.