LG Electronics სმარტფონების ბაზარს ტოვებს
სამხრეთ კორეული ელექტრონული გიგანტი სმარტფონების ბაზარს ტოვებს და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე იწყებს ორიენტირებას.
კომპანიამ ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა, რომ სმარტფონების ბიზნესმა 6 წლის განმავლობაში, $4,5 მლრდ-ით აზარალა, გადაწყვეტილებაც ამასთან არის დაკავშირებული.
BBC-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას მობილური ტელფონების ბაზრის კონკურენტუნარიანობაც განაპირობებს.
„LG– ს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, დატოვოს წარმოუდგენლად კონკურენტუნარიანი მობილური ტელეფონის სექტორი, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს ფოკუსირება მოახდინოს სხვა სექტორების ზრდაზე, როგორიცაა ელექტროძრავის კომპონენტები, ჭკვიანი სახლები, რობოტები და ხელოვნური ინტელექტი და ა.შ”, - ნათქვამია განცხადებაში.
სმარტფონების ბიზნესი LG-ს ხუთი განყოფილებიდან ყველაზე მცირეა და შემოსავლის მხოლოდ 7.4%-ია. ამჟამად, მისი გლობალური მობილური ტელეფონების ბაზრის წილი დაახლოებით 2%-ს შეადგენს. LG-ის ტელეფონის ინვენტარი კვლავ იქნება ხელმისაწვდომი და კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის მხარდაჭერას და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას.
აღსანიშნავია, რომ LG- ს მრავალი ინოვაცია ეკუთვნის და ის ჯერ კიდევ მესამე პოპულარული ბრენდია ჩრდილოეთ ამერიკაში. ასევე, LG-ს ტელეფონები საკმაოდ გავრცელებულია სამხრეთ კორეის შიდა ბაზარზე.
კომპანიას სამომხმარებლო ელექტრონიკის ძლიერი ბიზნესი აქვს, რაც მოიცავს საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ტელევიზორებს. LG მსოფლიოში Samsung-ის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი სატელევიზიო ბრენდია.