IKEA-მ საკუთარი AI ჩატბოტი "Billie" შექმნა
IKEA-მ საკუთარი AI ჩატბოტი "Billie" ააწყო, ის კლიენტების რუტინულ კითხვებს უპასუხებს.
შვედური ავეჯის გიგანტი განმარტავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სატელეფონო ცენტრებში მოთხოვნების 47% სწორედ მსგავს საკითხებზე მოდიოდა. თუმცა, IKEA-ს ინფორმაციით, ეს ჯერჯერობით, არ ნიშნავს სამუშაო ადგილების გაუქმებას. ნაცვლად ამისა, კომპანია ქოლ ცენტრის თანამშრომლებს ინტერიერის დიზაინის მრჩეველებად გადაამზადებს.
ბოლო წლებში IKEA აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ინტერიერის დიზაინის სერვისს აფართოებს. კლიენტები რჩევისთვის კომპანიას ვიდეო ზარის საშუალებით უკავშირდებიან და იატაკის დიზაინს ან ინტერიერის სხვა დეტალებს უკვეთავენ.
2022 წლის ფინანსური წლის განმავლობაში IKEA-ს პროდუქციისა და სერვისის გაყიდვებმა ამ სისტემის მეშვეობით $1.4 მილიარდს მიაღწია.
კომპანიის მიერ ციფრულ სერვისებში ინვესტიცია კონკურენტების მიერ გადაგდმულ ნაბიჯებსაც ემთხვევა. მაგალითად, Wayfair-მა უკვე გახსნა საკუთარი ციფრული დიზაინის სტუდია მაღაზიებში.
თუმცა, ჯერჯერობით, როგორც ჩანს, თანამშრომლებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ ჩატბოტი Billie მათ სამუშაოს დაიკავებს. IKEA აცხადებს, რომ მზად არის გადააკეთოს დასაქმების ადგილები და თანამშრომებს ახალი როლები მოარგოს.