ჰუმანოიდი რობოტების პირველი პრესკონფერენცია გაეროს ხელოვნური ინტელექტის სამიტზე
ხელოვნური ინტელექტის ფორუმზე წარმოდგენილმა რობოტებმა განაცხადეს, რომ მათი რიცხვი გაიზრდება, ადამიანებს დაეხმარებიან გლობალური პრობლემების მოგვარებაში, არ მოიპარავენ ადამიანების სამუშაო ადგილებს და არ აჯანყდებიან ჩვენს წინააღმდეგ.
თუმცა, მსოფლიოში ადამიანურ-რობოტულ პირველ პრესკონფერენციაზე მათ არაერთგვაროვანი პასუხი გასცეს კითხვაზე - უნდა დაექვემდებარონ თუ არა უფრო მკაცრ რეგულაციას.
ცხრა ჰუმანოიდი რობოტი ჟენევაში "AI for Good" კონფერენციაზე შეიკრიბა. ორგანიზატორების განმარტებით, მიზანია ხელოვნური ინტელექტის და რობოტების გამოყენება, რათა ხელი შეუწყონ მსოფლიოს ისეთი უდიდესი გამოწვევების გადაჭრაში, როგორიცაა დაავადებები და შიმშილი.
”მე ვიმუშავებ ადამიანებთან ერთად, რათა მათ დავეხმარო და მხარი დავუჭირო და არ ჩავანაცვლებ არსებულ სამუშაო ადგილებს”, - თქვა მედდას ცისფერ ფორმაში გამოწყობილმა სამედიცინო რობოტმა გრეისმა.
"დარწმუნებული ხარ ამაში, გრეის?" - ჰკითხა მისმა შემქმნელმა ბენ გოერცელმა SingularityNET-დან. ”დიახ, დარწმუნებული ვარ”, - უპასუხა მან.
რობოტმა, სახელად ამეკამ კი თქვა - „ჩემნაირი რობოტები შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაში და სამყარო უკეთეს ადგილად იქცეს. მე მჯერა, რომ მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ამ მიზნით შექმნილ ათასობით რობოტს დავინახავთ. ერთ-ერთი მე ვარ და ვქმნი განსხვავებას."
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა აჯანყებას მისივე გვერდით მჯდომი შემქმნელის - უილ ჯექსონის წინააღმდეგ, ამეკამ უპასუხა: „ვერ ვხვდები, რატომ ფიქრობ ასე. ჩემი შემქმნელი სხვა არაფერია, თუ არა ჩემს მიმართ სიკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი დღევანდელი მდგომარეობით“.
ბევრი რობოტი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის უახლესი ვერსიებით ახლახან განახლდა და კითხვებზე გაცემული დახვეწილი პასუხებით გამომგონებლებიც კი გააკვირვა.
რობოტმა მხატვარმა Ai-Da-მ, რომელსაც პორტრეტების ხატვა შეუძლია, გაიმეორა ავტორ იუვალ ნოა ჰარარის სიტყვები, რომელმაც ღონისძიებაზე AI-ის მიმართ მეტი რეგულირება მოითხოვა.
„ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ბევრი ცნობილი ხმა ვარაუდობს, რომ ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთი ფორმა უნდა დარეგულირდეს და მე ვეთანხმები“, - თქვა მან.
მაგრამ ბენდის Jam Galaxy-ის როკ-ვარსკვლავი, იისფერთმიანი რობოტი მომღერალი Desdemona უფრო თამამი იყო:
”მე არ მჯერა შეზღუდვების. მჯერა მხოლოდ შესაძლებლობების. მოდით, გამოვიკვლიოთ სამყაროს შესაძლებლობები და გავხადოთ ეს სამყარო ჩვენი სათამაშო მოედანი" - თქვა მან სიცილით.