მსოფლიო
28/01/2021

ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდის საგარეო პოლიტიკა: ალბათობები და ჩვენი რეალისტური მოლოდინები

ბოლო პერიოდი საქართველოში ბუნევრივად გამოირჩევა მედიასივრცეში ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკური ხაზის განხილვის, მის ირგვლივ მსჯელობისა და, შესაძლო განვითარების შემთხვევაში, სხვადასხვა სცენარის პროგნოზირების სიხშირით. ასეთი დისკუსია მით უფრო აუცილებელია, თუკი გავითვალისწინებთ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის ფორმირებაში ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ზოგად მნიშვნელობას, ისევე, როგორც საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მოკავშირის მხარდაჭერას ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში.

ამდენად, აშშ-ის საგარეო კურსში ნებისმიერი უჩვეულო, არსებითი ან გაურკვეველი ცვლილების მიმართ ყურადღებით ვართ და მოლოდინიც განსაკუთრებული გვაქვს. საქმე ისაა, რომ ვაშინგტონის მხრიდან ყოველი ასეთი ცვლილება ან პოლიტიკურად „ახალ მოსახვევში შესვლა“ უშუალოდ და კონკრეტულად უკავშირდება ქართული სახელმწიფოს აწმყოსა და მისი განვითარების პერსპექტივას. ასევე, იგი გზავნილია სხვა რეგიონალური ძალების მიმართ, - როდესაც რეგიონთან დაკავშირებული ამა თუ იმ გზავნილის არასწორად გადმოცემით ან მიღებით აქ, ქართულ-დასავლური ინტერესების შემდგომი შეზღუდვის ხარჯზე, მავნე ტენდენციების კიდევ უფრო გაძლიერება იოლადაა შესაძლებელი.

ახალი ადმინისტრაციის საგარეო-პოლიტიკურ დღის წესრიგს აქტიურად აანალიზებენ ქართველი მკვლევრები და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტები; თემა პერიოდულად შუქდება ქართულ ბეჭდვით მედიასა და ტელესივრცეში. თუმცა, ეს ისეთი სფეროა, სადაც ერთით მეტი პუბლიკაცია თუ საუბარი არასდროს არის ზედმეტი, ხოლო ყოველ ახალ სიტყვასა თუ მოსაზრებას თავისებურად შეუძლია, დააფიქროს მხარეები; ამა თუ იმ ასპექტის მიმართ მათი დამოკიდებულების გადაფასება განაპირობოს; მოახდონოს უკვე „დარეზერვებული“ გადაწყვეტილებისა თუ მიდგომის კორექტირება. ეს სტატიაც სწორედ ამ მიზნით დაიწერა. აქ გამოთქმული არაერთი მოსაზრება მეტად საკამათოდ მოეჩვენება მკითხველს, რაც, იმედია, საბოლოო ჯამში, დისკუსიის უფრო სიღრმისეულ გაშლას შეუწყობს ხელს.

ბოლო პერიოდის „ზიგზაგები“

ამერიკულ საგარეო პოლიტიკას რამდენიმე ათწლეულია, ერთგვარი ზიგზაგისებური განვითარება ახასიათებს. ეს არა იმდენად ვინმეს ბრალი ან თანამიმდევრობის  რღვევაა, რამდენადაც ცივი ომის შემდგომი პერიოდის საერთაშორისო წესრიგში განსხვავებული ეტაპების ურთიერთჩანაცვლებების ჯაჭვით გამოწვეული მოცემულობა. „დიდ სტრატეგიასთან“ დაკავშირებული პრობლემატიკის უკეთ აღსაქმელად მხოლოდ იმის გახსენება რად კმარა, რომ სულ რაღაც სამიოდე ათწლეულში მსოფლიო (და, მასთან ერთად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა) ცივი ომის დასრულების წინა პერიოდისა და მისი დასრულების შემდგომი ეტაპიდან ჯერ ერთპოლუსიანი სამყაროს ეტაპზე გადავიდა, ხოლო შემდეგ - გლობალურ ტერორიზმთან ომზე. ახლა კი იგი დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეტაპზეა. ბუნებრივია, ამ ვითარებაში გართულდა გრძელვადიან პერიოდზე მყარი საგარეო-პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბება. სისტემური მიდგომების არარსებობას დაემატა მეტად უჩვეულო და არაპროგნოზირებადი ხელწერა, რომელიც  დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში „ტრანზაქციურობასა“ და გლობალური თემების მიმართ პირად აღქმაზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს ახასიათებდა. ამან კიდევ უფრო გააღვივა ძველი გამოწვევები და ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ახალ რისკებს.

თანამედროვე ამერიკული კვლევითი წრეები ცდილობენ,  წარსულის პარალელები თუ არსებული ძირითადი სწავლებები აშშ-ის უახლეს საგარეო და დიპლომატიურ სკოლას შეადარონ. ასეთი აკადემიური სავარჯიშო განსაკუთრებით ობამა-ტრამპი-ბაიდენის სამკუთხედით იფარგლება, ვინაიდან ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც აშშ-ის მხრიდან თავი იჩინა „დანარჩენი სამყაროს“ მიმართ პოლიტიკის შექმნის ახალმა ელემენტებმა. ბაიდენის პირობებში ეს პროცესი, სავარაუდოდ, ახალ კონტურებს შეიძენს. ცხადია, ასეთ სახეცვლილებას ხელი შეუწყო გლობალურმა პანდემიამ, რომელმაც „მკვდარი წერტილიდან“ დაძრა საერთაშორისო სისტემის ერთობ დამყაყებული ძველი პოსტულატები, აამოქმედა და გაააქტიურა გლობალური ეკონომიკური დღის წესრიგის გადაწყობაც (ეს უკანასკნელი, ჯერჯერობით და მეტწილად, უფრო თეორიულ, ვიდრე პრაქტიკულ დონეზე).

ბუნებრივია, საერთაშორისო სისტემის ევოლუციისა და მასზე აშშ-ის საგარეო მიმართულებათა ზემოქმედების შესახებ დისკუსია და პუბლიკაციები  ინტერესისა და ვნებათაღელვის უშრეტი წყაროა. საბოლოოდ, ეს შემოქმედებითი წვა მრავალი ბეჭდვითი თუ ელექტრონული მასალის მკვებავი ხდება, სადაც სხვადასხვა ავტორი აკადემიურად ასაბუთებს ამა თუ იმ „სტრატეგიის“ მისადაგებას ამერიკული საგარეო პოლიტიკის ოთხი ძირითადი სკოლიდან (ჯეფერსონის, ჯექსონის, ჰამილტონის, უილსონის) ერთ-ერთისადმი. საქმეს ისიც ართულებს, რომ ე.წ. კლასიკურ სკოლებს უკვე თანამედროვე - პროგრესისტები, ლიბერტარიანელები, რეალისტები, ლიბერალ-ინტერნაციონალისტები  -  დაემატა და ამან კამათსა და მსჯელობაში „მტყუან-მართლის“ გარჩევა არათუ დამაბნეველი, ზოგჯერ უსარგებლოც კი გახადა.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი დისპუტის მიმართ გულწრფელი ინტერესი გვამოძრავებს და მათში მონაწილეობაც არაერთხელ მიგვიღია. კვლავ ვადასტურებთ აკადემიური კვლევის მიმართ უღრმეს პატივისცემას და პრაქტიკული პოლიტიკისთვის თეორიული სკოლების მხარდაჭერისა და სრულყოფის აუცილებლობას. ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ არსებული გამოწვევების სიმძაფრე ქმნის იმის აუცილებლობას, რომ ნებისმიერი ასეთი თეორია, რაც შეიძლება, მეტად დაუახლოვდეს პრაქტიკას, დაიხვეწოს რეალური გადაწყვეტილებების მიმღებთათვის; შექმნას ორგანული კავშირი ექსპერტულ დაკვირვებასა და კონკრეტულ ამოცანას შორის.

ამ პუბლიკაციის მკითხველისთვის უკეთ მისაწოდებლად სწორედ ასეთი აუცილებლობა თუ გაგვაბედინებს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკური კურსი ერთობ გავამარტივოთ მისი შემდეგი ფორმულით - გლობალურ ასპარეზზე აქტივობის მიმართ ვაშინგტონის სურვილითა და მზაობით. საგულისხმოა, რომ  დეკლარირებული აქტივობა სხვადასხვა ეტაპზე მეტ-ნაკლებად აქტიური იყო, ისევე, როგორც შედარებით ფართო ან მომცრო იყო გეოგრაფიულად დეკლარირებული ჩართულობის არეალი. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ ძირითადად, ეს „ცვლილებებიც“ მხოლოდ დეკლარირების დონეზე იყო, ვინაიდან გლობალურ საქმეთა დინება, ისევე, როგორც აშშ-ის განსაკუთრებული როლი მსოფლიოს სტაბილურობასა და დიდი კატაკლიზმების აცილებაში, იყო და არის უმაგალითო.

სწორედ ამ დათქმებისა და წინათქმების გათვალისწინებით გვსურს, შევეხოთ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდის საგარეო პოლიტიკის გამოკვეთილ და შესაძლო აქცენტებს, - მათი ცოდნა, გააზრება და სრულფასოვნად აღქმა ხომ ძალზე მნიშვნელოვანია ქართული შიდა პოლიტიკის სიჯანსაღისა და საგარეო პოლიტიკის რეალური შედეგიანობისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა ვიცოდეთ ყველაფერი, რაც ქართული ეროვნული ინტერესების უკეთ ადვოკატირებისთვის აყალიბებს ჩვენს ცოდნას.

ახალი პრეზიდენტის საგარეო ხაზის სპეციფიკურობა

პიროვნული ხასიათი

რა თქმა უნდა, ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო ხაზი, ობამა-ტრამპის ფონზე, რამდენიმე ელემენტით გამორჩეული იქნება. ამასთანავე, ვფიქრობთ, რომ რადიკალურ განსხვავებებს არ უნდა ველოდოთ. გვესმის, რომ ეს ვარაუდი საკმაოდ თამამია, მაგრამ ვეცდებით, ავხსნათ, თუ რატომ.

თეორიული პარალელების მოყვარულთა ყურადსაღებად თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი არ განეკუთვნება ამა თუ იმ საგარეო სკოლასა თუ ბანაკს. მისი ურთიერთობების წინა - ძალზე მდიდარი ისტორია პირადი კონტაქტებისა და კავშირებისაკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს, რაც, ალბათ, ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის საგარეო ასპარეზზე ე.წ. „დიდი სტრატეგიის“ მწყობრი ფორმითა და შინაარსით (როგორც ამას წლების წინ ვიყავით მიჩვეული) აღქმა გაჭირდება. ცხადია, საპრეზიდენტო ვადის დასრულებისთანავე, აკადემიური წრეები მონდომებით შეუდგებიან „ბაიდენის დოქტრინის“ შეფასებას. ეს ბუნებრივიცაა, - სუპერსახელმწიფოს ყოველი პრეზიდენტი თავის კვალს აუცილებლად ტოვებს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ასეთი დოქტრინის რომელიმე იდეოლოგიურ „იზმში“ მოქცევა გაჭირდება და იგი, ძირითადად, უკვე ნაცადი ან მოდიფიცირებული მდგენელების ნაზავი იქნება. სხვა საკითხია, რამდენად მწყობრი და შედეგის მომცემი შეიძლება იყოს იგი. ამას დრო გვიჩვენებს.

შიდა დინებები

ამერიკულ საგარეო იდეოლოგიურ სწავლებაში რეალიზმის სკოლა ყოველთვის მკაფიოდ ჩანდა და ეს არაერთი გამორჩეული მეცნიერისა თუ მკვლევრის (მორგენტაუ, ვოლტცი, მიერსჰეიმერი, ვოლტი და ა.შ.) დამსახურებაა. თუმცა, პრაქტიკული პოლიტიკის შექმნისას ეს მეტად საინტერესო და თვალსაჩინო სკოლა (მისი სხვადასხვა ფორმის მიუხედავად) საერთაშორისო ლიბერალიზმის ასევე სხვადასხვა სახის გავლენის ქვეშ მოექცა. ობიექტურად თუ ვიტყვით, ამგვარ პრიორიტეტიზაციას ისტორიული ახსნაც აქვს (ორი მსოფლიო ომის მწარე გაკვეთილები) და მას თავისი პრაქტიკული გამართლება და სარგებელიც ჰქონდა. არც ერთის უარყოფაა შესაძლებელი, მეტიც, - ასეთი უარყოფის მცდელობაც კი დიდი უსამართლობა იქნება.

აღსანიშნავია, რომ უკვე ობამას პრეზიდენტობიდან მოყოლებული, „მსოფლიო ჟანდარმის“ მიდგომა გადახედვას დაექვემდებარა, იმ დროისათვის გახმოვანებულმა არაერთმა თეზისმა კი ტრამპის პერიოდში თითქოსდა კონცეპტუალური ფორმა შეიძინა. ორივე პერიოდის „აღმართ-დაღმართზე“ - საგარეო პოლიტიკაში რეალიზმის (ზოგიერთის თქმით კი, ეგოიზმის) ერთგვარ აღორძინებაზე უკვე არაერთ პუბლიკაციაში ვისაუბრეთ და მათ მათზე აქ არ შევჩერდები. ახლა საკითხავია, გაგრძელდება თუ არა გლობალურ პროცესებში მონაწილეობისგან აშშ-ის გასვლა, თუკი ის, ბაიდენის პირობებში, სამყაროსთვის ისევ ჩვეულ აქტიურობას დაუბრუნდება? ეს შეკითხვა მსოფლიოსთვის ფრიად საინტერესოა. უაღრესად ღრმა დატვირთვის მქონეა ეს საკითხი საქართველოსთვის.

ამ შეკითხვაზე სწრაფი პასუხი კი ასეთია: ვფიქრობთ, ზემოთ აღნიშნული ორი მოლოდინიდან სრულად არც ერთი არ გამართლდება, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა, დიდწილად, შუალედური იქნება. მიზეზების დეტალიზება ამ ფორმატში რთულია, თუმცა შევეცდებით, მოკლედ ავხსნათ იგი.

დავიწყოთ იმ ინერციით, რომელიც ასეთი მასშტაბისა და როლის მქონე ქვეყნის ამა თუ იმ კურსის ინერციულ ასპექტს ეხება; ასევე, ეხება რადიკალური ცვლილებების ოპონირებას სწორედ ამავე ინერციით მოქმედი სახელმწიფო მანქანისა და „გაბატონებული“ და ორგანიზებულად მოქმედი საექსპერტო შეხედულების მხრიდან. ასეთი წინააღმდეგობის ე.წ. „ბაიდენისებურ“ საპირწონედ ახალი ადმინისტრაციის  (განსაკუთრებით, სახელმწიფო დეპარტამენტის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და უშიშროების სისტემის რიგი სხვა რგოლების) ფორმირებასაც კი მოვიაზრებდით, - მაგრამ, ალბათ, იმასაც -ზომიერი მოლოდინით, თუკი გავიხსენებთ, რომ მოქმედი ადმინისტრაციის მრავალი საკვანძო ფიგურა ობამას ადმინისტრაციაში მსახურობდა. სხვათა შორის, მიმდინარე საკადრო პოლიტიკის დახასიათებისას ისეთმა შენიშვნამაც კი გაიჟღერა, რომ თითქოსდა ჯოზეფ ბაიდენის არჩევა ბარაკ ობამას „მესამე ვადა“ იყოს. უდავოდ, ეს პარალელი თემის უტრირებაა, თუმცა შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს გადმოსახედიდან (ობამასდროინდელი უსარგებლო „გადატვირთვებითა“ და სიფრთხილის გათვალისწინებით) ყურადსაღებია.

ფაქტია, რომ აშშ-შავი ზღვის რეგიონის, ისევე, როგორც აშშ-საქართველოს ურთიერთობების „რევოლუციონიზირების“ აუცილებლობა დღეს საღად და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანებში ყოყმანს აღარ იწვევს. ალბათ, მაქსიმუმ, მომდევნო ორ წელიწადში ჩვენც, ისინიც (და სხვებიც) დავინახავთ, უნდა გვქონდეს თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ამას სათანადოდ შეაფასებს და იმოქმედებს.

აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ აშშ-ისა და, ზოგადად, დასავლეთის ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებთან სისტემური და ფართომასშტაბიანი მუშაობის საჭიროება. მცდარია მოსაზრება, რომ გადაწყვეტილების ფორმირება მხოლოდ დასავლეთის ოფიციალურ არხებში ინფორმაციის ცირკულირებისას ხდება. ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილება, ხშირად, ფორმალურ პროცესებში მის გადასვლამდეა ჩამოყალიბებული და, შესაბამისად, ქართველებს ადრეულ ეტაპებზევე გვმართებს მეტი პროაქტიულობა. სხვაგვარად, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ჩვენთვის საჭირო „კუმულატური შედეგიანობა“ რთულად მისაღწევი იქნება.   

„პროცედურული დემოკრატიის“ წინაღობა?

ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, რასაც, გადაწყვეტილებების მიღებისას მრავალ სიკეთესთან ერთად, „დემოკრატიული კეკლუცობაც“ ახასიათებს. აშშ-ის პრეზიდენტისათვის მინდობილი ვრცელი საკონსტიტუციო უფლემაბოსილებათა მანდატის მიუხედავად (ძირითადად, აღმასრულებელი განკარგულებების გამოცემისა და აღმასრულებელი პრივილეგიით სარგებლობის გზით) საგარეო პოლიტიკის შექმნაში აშშ-ის პრეზიდენტი ასპარეზს კონგრესთან იყოფს. შესაბამისად, რიგი ძირეული საკითხების რეალიზებისას კონგრესმენების მხრიდან ბაიდენის ადმინისტრაციის მხარდაჭერა აუცილებელი პოლიტიკურ-სამართლებრივი პირობაა. ამასთანავე, კონგრესის ორივე პალატაში დემოკრატების უმნიშვნელო უპირატესობის შემთხვევაში (ამ სტატიის გამოცემის მომენტისათვის) მოქმედ პრეზიდენტს სამოქმედო სივრცე ერთობ შეზღუდული აქვს.

ეს გარემოება განსაკუთრებით გამოკვეთს ამერიკელ კანონმდებელთან  (ყველა დასაშვები ფორმითა და ფორმატით) კონტაქტების ინტენსივობის მნიშვნელობას. ამ მიზნით, საქართველოს ინტერესების სახელით ჩართული ლობისტური და სხვა, მსგავსი პროფილის გაერთიანებები საკმარისად ინფორმირებულნი არიან. ახლა საჭიროა, ეს ცოდნა რეალურ შედეგებზე ორიენტირებულ, პრაქტიკულად ხელშესახებ ქმედებებში გადაიზარდოს. არსებული გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ესოდენ ძვირფასი რესურსი მხოლოდ მოდას აყოლილმა ხარჯოს.     

 

და კიდევ ერთხელ, „იდეოლოგიის“ შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ კურსს ყოველთვის ახასიათებდა კეთილხმოვან იდეალებთან ასოცირება. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ამ უმთავრეს იდეალებს შორის იყო და რჩება მსოფლიოში დემოკრატიული წყობის მხარდაჭერა და ადამიანის უფლებები. ყველაფერთან ერთად, ეს წარმოადგენდა აშშ-ის „რბილ ძალას“, რომელიც ყოველთვის არ ყოფილა წარმატებით რეალიზებული და მისი აღსრულებაც ყოველთვის ასევე არ იყო გაიგივებული „სირბილესთან“. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ამერიკაში მმართველობითი და საზოგადოებრივი ძალისხმევა ქვეყანაში და მის გარეთ დემოკრატიული პრინციპებისკენ სვლასა და მათ დამკვიდრებას ეფუძნება. სწორედ ამ ძალისხმევის, ისევე, როგორც საერთო-დასავლური პოლიტიკური თანადგომის შედეგია ჩვენს რეალობაში ხელახლა აღმოცენებული ქართული სახელმწიფოებრიობა და მისი დღევანდელობა.      

ამასთანავე, ყველა მაღალფარდოვან ისტორიას თავისი „მაგრამ“ აქვს. ამ შემთხვევაშიც, ობამა-ტრამპი-ბაიდენის გადაკვეთებზე იგი ყველაზე უკეთ ჩანს და გაცილებით რელევანტურია. ორიოდე სიტყვით, ეს „მაგრამ“ გულისხმობს ზოგადამერიკული საგარეო პრინციპის - მეტი ჩართულობა მსოფლიო პროცესებში - შეწყობას დღეისათვის გადაუდებელ მოთხოვნილებასთან - მეტი ყურადღება ამერიკულ საზოგადოებაში არსებული მწვავე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების მიმართ. ლოგიკურ შედეგად კი, ეს „მაგრამ“ გულისხმობს თანამედროვე კრიზისების გასამკლავებლად ეკონომიკურად თვითკმარი ახალი ფორმაციის შექმნას. ყველაფერთან ერთად, ეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესაძლო „გადაფორმატირებას“ უკავშირდება, რასაც ქვემოთ განვავრცობთ.      

მათ მიერ დაპირებული სიახლე და ჩვენ

პრეზიდენტის მრჩეველთა წრეების მიერ გაკეთებული არაერთი კომენტარის თანახმად, მომდევნო ოთხი წლის საგარეო პილიტიკის ერთ-ერთი მკაფიო აქცენტი იქნება ორიენტირება „ქვეყნის საშუალო ფენაზე“. ეს განცხადება რამდენიმე ნიშნითაა საგულისხმო და აქ მის მოკლე დახასიათებას შევეცდებით.

უკვე დიდი ხანია, დამკვიდრდა თეზისი, რომ საგარეო პოლიტიკა საშინაოს გაგრძელებაა. მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე რთულმა და წინააღმდეგობრივმა პროცესებმა ამ შეფასებას რეალური შინაარსი და დატვირთვა შესძინა. მათ შორის, უპირველესად, გამოსარჩევია მოსახლეობაში ეკონომიკური უთანასწორობა და ამით გამოწვეული სოციალური  დისბალანსი, რაც, თავის მხრივ, საშიშ პოლიტიკურ დაპირისპირებაში აისახება. ამ მოვლენების არსზე ადრეც ვისაუბრეთ, ამდენად, ახლა მხოლოდ გავიმეორებთ, რომ განვითარებისათვის აუცილებელი „კონსტრუქციული რღვევის“ მაგივრად, მიმდინარე „დესტრუქციული რღვევა“ საზოგადოებრივი სტაბილურობის ფუნდამენტს დაემუქრა. აქედან სახელმწიფოებრივი საყრდენების რღვევამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯია.

ამ მეტად საგანგაშო პროცესების პასუხი იყო საკუთრივ საარჩევნო კამპანიისას პრეზიდენტობის კანდიდატ ბაიდენის მიერ წარმოდგენილი პროგრამა “Building Back Better”, რომლის არსი ამერიკელთა ოჯახებზე რეგულარული ზრუნვაა, - და არა მხოლოდ კრიზისის დროს. სწორედ ამავე საარჩევნო ხაზის გაგრძელებაა ის პრინციპი, რაც ამერიკელი საზოგადოებისთვის საგარეო პოლიტიკის მომავალი მიღწევების ხელშესახებ შედეგებად ქცევას უკავშირდება.

ეს პოლიტიკა ჩვენთვის ორი უმთავრესი ნიშნითაა საყურადღებო: პირველი გახლავთ აშშ-ის ადმინისტრაციის ხედვა საგარეო სამსახურის რეფორმირებასა და მის დღევანდელ ამოცანებთან  მიმართებით. ამდენად, ამ გარემოებას შეგვიძლია დავუკავშიროთ, გნებავთ, ირიბი შეხსენება ქართული საგარეო-დიპლომატიური უწყების ამჟამინდელი შესაძლებლობების ჯანსაღ შეფასებაზე, თანამედროვე მოთხოვნებთან მის შესატყვის გადაწყობასა და მოდერნიზებაზე. მეტად აუცილებელია, რომ ქვეყანა ამა თუ იმ სამსახურს ინარჩუნებდეს არა როგორც მისი სუვერენიტეტის დამახასიათებელ ატრიბუტს და სახელმწიფოებრიობის მიმართ ერთგვარ ხარკს, არამედ როგორც სრულფასოვანი სარგებლის მქონე, გამართულ, ფუნქციონალურ ორგანიზაციას. ამას წინათ აღვნიშნეთ, რომ სახელმწიფო დაწესებულებების, ისევე, როგორც საერთოდ, სამოხელეო სისტემის გადაწყობა უკვე გვიანდება. დავძენთ იმასაც, რომ კონკურენტუნარიან და ანგარიშგასაწევ ქვეყანას სჭირდება გამართული საჯარო ინსტიტუტები, რადგან სწორედ ისინი ქმნიან საქართველოს სახეს და დღევანდელი და ტრანსფორმაციისშემდგომი მსოფლიოს წინაშე სიამაყის საფუძველს უქმნიან.       

მეორე ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ბაიდენის საგარეო პოლიტიკის საშინაო თემებზე ფოკუსირებას უკავშირდება, განპირობებულია ერთი მეტად რთული განტოლებით: რამდენად იმოქმედებს შიდა პრობლემატიკაზე კონცენტრირება აშშ-ის ნების ხარისხსა და რესურსზე, რათა ქვეყნისგან შორს მიმდინარე პროცესებზე რეალური გავლენა მოახდინოს? ეს კითხვა მით უფრო აქტუალურია, თუკი, ჩვენი ეროვნული და რეგიონალური დღის წესრიგიდან გამომდინარე, საქართველოსთვის სტრატეგიული მოკავშირის მხრიდან უწყვეტი ყურადღებისა და მხარდაჭერის აუცილებლობას გავითვალისწინებთ.

ცხადია, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან საგარეო პოლიტიკის მიმართ ახლებური დამოკიდებულება შეუძლებელია, ტრამპის ხაზთან - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“  - ერთი ხელის მოსმით გაიგივდეს. ასეთი შედარება (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) მეტად უსაფუძვლო და არასერიოზულიც კი იქნებოდა. თუმცა, ზოგად სურათში არის და იკითხება გარკვეული ტენდენციები (კანონზომიერებებიც!), რაც არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ ზოგადად, სხვა საზოგადოებებს უკავშირდება. ამ ტენდენციების ერთ სიტყვაში თავმოყრას თუ დავაპირებთ, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობებში მეტი ეგოცენტრიზმი და ჭარბი სურვილი, „საზოგადო სიკეთე“ დაუქვემდებარო „შენს საკუთარს“. ეს გლობალური სისტემისათვის არახალია, მაგრამ ბოლოდროინდელი პროცესების ფონზე განსაკუთრებით გამომზეურდა, მეტიც, - არაერთმა ქვეყანამ ასეთი მიდგომა, პრაქტიკულად, სახელმწიფო პოლიტიკის რანგშიც კი აიყვანა.

ყოველივე ეს ორმაგად ყურადსაღებია საქართველოსათვის, რომლის შიდა და საგარეო მოწყვლადობის ხარისხი არათუ ამ ეტაპზე არ იძლევა დამშვიდების შესაძლებლობას, - ახალი მსოფლიო სისტემა, რომლისკენაც ყველანი მივექანებით, ამის შესაძლებლობას არც განჭვრეტად მომავალში მოგვცემს. ეს კი ჩვენგან მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, განახლებისათვის უწყვეტ მზაობას, თანამედროვე მოთხოვნებთან სწრაფი მისადაგებისა და ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი „ვინაობის“ სისტემატურ განვითარებას, მოდერნიზებასა და პრაქტიკულობას. გვაფიქრებს ისიც, თუ როგორი უნდა იყოს თვითკმარი და რეგიონისათვის ფუნქციონალური სარგებლის მქონე ქართული სახელმწიფოებრიობა, რაც, ბუნებრივია, ცალკე საუბრის თემაა.

მაღალი ალბათობის პოზიტივები

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს იქნება საგარეო-პოლიტიკურ პროცესში მეტი სისტემურობა და სოლიდურობა; პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე მუშაობისას, მათი უკეთ შესწავლა და შემზადება. მისი თანმდევი და დამახასიათებელი „საპროცედურო“ კომპონენტები, მაღალი ალბათობით, იქნება კონსულტაციის, შეჯერებისა და აზრის მოსმენის უკეთესი პრაქტიკა აშშ-ის შიგნით - შესატყვის წყაროებთან და აშშ-ის გარეთ - მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან.

სხვა სიკეთეებთან ერთად, ეს მიდგომა მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება გაცილებით უკეთესი, უფრო კომპეტენტური მართვისათვის. ეს არსებითი ფაქტორი იქნება საკუთრივ ამერიკული პოლიტიკური პროცესის შესაფასებლად, მისი დადებითი და ხარვეზიანი მხარეების გამოკვეთისა და ანალიზისათვის. მაგრამ, რაც ასევე უმთავრესია: ამით ბაიდენის ადმინისტრაცია მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს აშშ-ის პარტნიორების თვალში შელახული ნდობის აღსადგენად, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში დამსახურებულად მოპოვებული რეპუტაციული რენომეს გასამყარებლად. ასეთი ნდობა და რეპუტაცია კი არა მარტო აშშ-ს სჭირდება, - იგი თანაბრად აუცილებელია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების პროგნოზირებად და შედარებით მართვად ჩარჩოში მოსაქცევად. მასვე უკავშირდება საერთაშორისო წესრიგი და სტაბილურობა, რაც მეტად კონკრეტულ და პრაქტიკულ შეხიდებას მოითხოვს.

აქვე დავამატებთ (ალბათ, ზოგისთვის საკამათო მოსაზრებას), რომ ტრამპის პრეზიდენტობამ, პრობლემებთან ერთად, გარკვეული პოზიტივიც დაუტოვა ბაიდენს. ეს გამოიხატება არაერთი გლობალური პრობლემის რევიზიასა და ასეთი რევიზიის აუცილებლობის წამოჭრაში (მაგ., საერთაშორისო ორგანიზაციების მოუქნელობა) - ისევე, როგორც რამდენიმე „მიჩუმათებულ“ თემას დაერქვა სახელი (მაგალითად, დასავლური უსაფრთხოების სისტემის გადახალისება მისი  ყველა მონაწილის პასუხისმგებლობის გაზიარების შედეგად). ასევე, ტრამპის პრეზიდენტობისას მოინიშნა მსოფლიო პოლიტიკის კეთების ახალი ხერხები, რაც, სწორ ხელში და სწორი გამოყენების პირობის დაცვით, სასურველ შედეგს მოიტანს (მაგალითად, ისრაელსა და რამდენიმე აღმოსავლურ ქვეყანას შორის წარმოებული პროცესი).

მოკლედ...

ამ ადმინისტრაციაზე, უდავოდ, ბევრია დამოკიდებული როგორც შიდაამერიკული, ისე საერთაშორისო გადმოსახედიდან.  ერთხელ  აღვნიშნეთ, რომ ამერიკის საგარეო კურსის „რევოლუციონიზირების“ მოლოდინი გადაჭარბებულია, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ახლად ფორმირებული გლობალური წესრიგის თვალსაზრისით, არაერთი სიახლე გველოდება. არც იმის მოლოდინი გვაქვს, რომ „ახალი მსოფლიო“ ამ წლებში საბოლოოდ ჩამოყალიბდება. ეს ბევრად ხანგრძლივი და მრავალ სხვა ფაქტორზე დამოკიდებული საქმეა. ახალი მსოფლიოს შენობის რამდენიმე მზიდი კედელი კი ბაიდენის პრეზიდენტობისას დასრულდება.

დასკვნის სახით, მხოლოდ რამდენიმე პრინციპული მოსაზრებით შემოვიფარგლებით:

იდეოლოგია - გლობალურად ხისტი იდეოლოგიური ხაზების (და, მაშასადამე, „დიდი სტრატეგიების“) დრო წარსულს ბარდება. სტრატეგიის მოყვარულთა ყურადსაღებად კი დავძენთ, რომ, რა თქმა უნდა, სიტყვა „სტრატეგია“ ლექსიკიდან არ გაქრება. „დიდ სტრატეგიას“ „აღმოცენებადი სტრატეგია“ ჩაანაცვლებს, რაც მეტი მობილურობის, მოქნილობის, მისადაგებისა და პროცესში იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა. ამ რადიკალური ტრანსფორმაციით მივდივართ სამყაროსკენ, სადაც საკუთარი ინტერესების დაუფარავად პოზიციონირება მიღებული ეტიკეტი იქნება. მით უფრო აქტუალურია ჩვენი ქვეყნის მაქსიმალურად თვითკმარ საწყისებზე რაც შეიძლება სწრაფად გადაწყობა. ეს ეროვნული პოტენციალისა და პარტნიორების რესურსის მაქსიმალური რეალიზაციითაა შესაძლებელი.

აშშ და სამყარო - ამერიკის შეერთებული შტატებისათვის გლობალურ ასპარეზზე დგება დრო, როდესაც ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს შედარებით ნაკლებად მოუწევს მოვლენების მიმართ დამოკიდებულების მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრა; გაცილებით მეტად მოუწევს მათ მიმართ სხვათა დამოკიდებულების გათვალისწინება. მოკლედ რომ ვთქვათ, ახალი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კონკურენციის ფაზა მხოლოდ ახლა იკრებს ძალას. ამ ვითარებაში, აშშ-თვის მნიშვნელოვანი ხდება მისი ნებისმიერი პარტნიორი ქვეყნის - ძალისა და მასშტაბის მიუხედავად - სიტყვაც და რეალური ქმედებაც. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ქვეყნებსა თუ რეგიონებს, სადაც ბოლო პერიოდში ქართულ-დასავლური ინტერესებისათვის გეოპოლიტიკური ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ეს გარემოება, ასევე, პირდაპირ კავშირშია ჩვენს დღევანდელ მდგრადობასთან პოლიტიკურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ჩვენ და აშშ - ზემოთ ქართული დიპლომატია ვახსენეთ და ეს ნათქვამი ქართულ სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ, მთლიან სხეულს ეხება. ერთი წუთით დავანებოთ თავი საერთაშორისო ურთიერთობათა ახლებურ სტრუქტურას და ამ სტრუქტურაში ახალი კატეგორიის სამართალსუბიექტებს. აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მართვის უფრო კორპორატიულ რელსებზე გადაწყობა: ეს წაადგება გადაწყვეტილებათა მიღებას; ეს წაადგება მათი აღსრულების საქმეში მეტ რაციონალურობას; ეს, მთლიანობაში, წაგვადგება საკუთარი და გარშემო არსებული პრობლემების აღსაქმელად. არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს, ასევე, მოითხოვს რეგიონალურ და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის პრიზმაში ქართული სახელმწიფოს ფუნქციონალური სარგებლიანობის სწორად განსაზღვრას. ამ გზაზეა არაერთი მიღწევა და წარმატებაა, რომელზეც ახლის დაშენებაა შესაძლებელი. ამავე თვალსაზრისით, თუნდაც, მხოლოდ აშშ - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ქმნის გრძელვადიან პერსპექტივას. ერთია ოღონდ: პერსპექტივას დროულად და სრულად გამოყენება სჭირდება. ჩვენი მხრიდან საკეთებელს რაც შეეხება, ეს უნდა იყოს თბილისის მიერ ინიცირებული, გაბედული ინიციატივები (და ასეთები „მოპოვებადია“!) და არა მოლოდინი იმისა, რომ სხვას გაახსენდები და მოგიკითხავს. პოსტდამოუკიდებლობის პერიოდის ინერცია დასაშვებზე მეტად გახანგრძლივდა და იგი უნდა დასრულდეს.      

ამ მეტად რთულ პროცესში მხოლოდ წარმატება გვსურს ვუსურვოთ როგორც მთავარ მოკავშირეს, ისე ჩვენს ქვეყანას. რამდენად დიდი და კომპლექსურიცაა არსებული გამოწვევები, იმდენად აუცილებელი და პერსპექტიულია ჩვენი  განსაკუთრებული თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა.     

 

ვიქტორ ყიფიანი,

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე