მსოფლიო
13/09/2023

აშშ Google-ის წინააღმდეგ - გადაიხადა თუ არა კორპორაციამ მილიარდები ბაზარის ლიდერობისთვის

აშშ Google-ის წინააღმდეგ - იურისტები აცხადებენ, რომ კორპორაციულმა გიგანტმა ონლაინ ძიების სფეროში დომინირების შესანარჩუნებლად წესებს გადაუხვია. ბრალდების თანახმად, Google-მა მილიარდობით დოლარი გადაიხადა, რათა პატარა კონკურენტებს მიმზიდველობა ვერასდროს მოეპოვებინათ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდებაში აღნიშნულია, რომ Google სხვადასხვა მოწყობილობების მწარმოებლებს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდის, რათა მისი საძიებო სისტემა პირველ ადგილზე დარჩეს. საუბარია ისეთ მწარმოებლებზე, როგორიცაა: Apple, ინტერნეტ კომპანიები, როგორიცაა AT&T და ბრაუზერის შემქმნელები, მათ შორის Mozilla.

შედეგად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის იურისტის კენეტ დინცერის განცხადებით, Google სერიოზული კონკურენციის გარეშე ოპერირებდა და ნაკლები ინოვაციაც დანერგა. მათ შორის, ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ისეთ საკითხს, როგორიც კონფიდენციალურობაა.

Google-ის დაცვის მხარეს კი, მარტივი არგუმენტები აქვს. მისი მტკიცებით, Google-ს აბსოლუტური ბაზრის მაღალი წილი იმის გამო კი არ უჭირავს, რომ მან კანონი დაარღვია, არამედ იმიტომ, რომ ის სწრაფი და ეფექტური საძიებო სისტემაა და ამასთან, უფასო.

საქმეზე სასამართლო პროცესი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში გაიხსნა. განხილვა სავარაუდოდ, 10 კვირამდე გაგრძელდება.