მსოფლიო
07/01/2021

Amazon-ი ჯანდაცვის ინდუსტრიაში

BBC-ის ინფორმაციით, Amazon-ის ჯანდაცვის ინდუსტრიის ჩამოყალიბების იდეამ სხვადასხვა სააფთიაქო ქსელის გამოხმაურება გამოიწვია.

ონლაინ აფთიაქი Quick Meds-ის მფლობელი აჰსან ბჰატი ამბობს, რომ შეშფოთებულია ონლაინ გაყიდვების გიგანტის, Amazon-ის დიდ ბრიტანეთში სააფთიაქო ბიზნესში გადასვლის პერსპექტივით.

”ვფიქრობ, გავლენა საკმაოდ დიდი იქნება. მათ ექნებათ მარკეტინგისთვის დიდი ბიუჯეტი და ისინი აუცილებლად წაიღებენ მნიშვნელოვან წილს ბაზარზე არსებული ყველა სხვა აფთიაქიდან. ამის პირდაპირი შედეგი იქნება დახურვები", - ამბობს აჰსან ბჰატი.

Amazon Pharmacy-ს სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გააკეთონ სააფთიაქო ტრანზაქციები Amazon-ის საშუალებით და მიიღონ შეუზღუდავი, უფასო მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია სხვა ქვეყნების გეგმები, დიდ ბრიტანეთში ქიმიკოსები ემზადებიან ახალი კონკურენტისთვის. Amazon-ის შემოსვლა, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს არამარტო ონლაინ fარმაცევტულ კომპანიებზე, არამედ „ქუჩის“ აფთიაქებზეც.

"რაც გაერთიანებული სამეფოს ყველა სხვა აფთიაქს აკლია არის ლოგისტიკა და Amazon-ი ამას განსაკუთრებით კარგად აკეთებს. ეს ზუსტად ისაა, რაც მომხმარებლებს სურთ. აშშ-ში CVS და Walmart-ის მსგავსი კომპანიები მუდმივად აწარმოებენ მოლაპარაკებებს წამლის ფასებზე და მათ საკმაოდ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალა აქვთ. მათ შეძლეს მონოპოლიების შექმნა გარკვეულ მედიკამენტებზე. თუ Amazon შემოვა, ეს ხელს შეუშლის მათ, რადგან Amazon-ს ბევრად უფრო დიდი შესყიდვის უნარი აქვს", - ამბობს კეიტ მაკარტი, კვლევითი კომპანია Gartner ის ჯანმრთელობის დაცვის ანალიტიკოსი.

ჯეფ ბეზოსმა, Amazon-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა, რომ "შენი ზღვარი ჩემი შესაძლებლობაა", რაც გულისხმობს, რომ Amazon-ი ფარმაცევტულ და ჯანდაცვის სექტორებს შუამავლების მიერ დამატებული ხარჯების მოხსნით უკეთეს ფასებს შესთავაზებს. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს, რომ Amazon–ი მომხმარებლებს შეღავათიან ტარიფებს შსთავაზებს.

BBC-ი წერს, რომ Amazon-ის აფთიაქი არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც შედის ფარმაცევტულ საცალო ვაჭრობის ბაზარზე. იგი ემზადება ჯანდაცვის სექტორისთვის. ის ასევე მუშაობს, რომ პლატფორმა დინამიური და უსაფრთხო იყოს ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და პოტენციური პარტნიორებისთვის.

ფოტო: Getty Images

Businesspartner