ამ დროისთვის შემიძლია დავადასტურო, რომ ეს აშკარა ტერაქტია - ავსტრიის შს მინისტრი
ვენაში ორშაბათს გვიან ღამით, ცენტრალურ სინაგოგასთან, სროლას მინიმუმ ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა ავსტრიულ მაუწყებელს ORF-ს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, თავდასხმა რამდენიმე ადამიანმა განახორციელა და ექვსივე ლოკაცია, სადაც თავდასხმელები იმყოფებოდნენ, ცენტრალური სინაგოგის მიმდებარედაა.
”ამ დროისთვის შემიძლია დავადასტურო, რომ ეს აშკარა ტერაქტია”, - თქვა მან.
ქალაქის ცენტრში ამ დროისთვის მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
”ქალაქში სროლებია, არიან დაშავებულები. თავი შეიკავეთ ყველა საზოგადოებრივი ადგილისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისგან,” - აფრთხილებს პოლიცია მოსახლეობას.
პოლიცია მოსახლეობას ასევე მოუწოდებს არ გააზიარონ ვიდეო და ფოტოები სოციალური ქსელის საშუალებით: ”ეს საფრთხეს უქმნის პოლიციის ძალებს და მშვიდობიან მოსახლეობას”.
ვენის ებრაული საზოგადოების ლიდერმა ოსკარ დოიჩმა Twitter- ზე დაწერა, რომ გაუგებარია, იყო თუ არა ვენის სინაგოგა და მასთან არსებული ოფისები თავდასხმის სამიზნე.
Reuters-ი იხსნებს 1981 წელს, როდესაც იმავე სინაგოგზე თავდასხმის დროს ორი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. 1985 წელს პალესტინის ექსტრემისტული დაჯგუფება ხელყუმბარებითა და იარაღით თავს დაესხა ვენის აეროპორტს, სამი მოქალაქე დაიღუპა.
ბოლო წლების განმავლობაში, ავსტრია გადაურჩა მასშტაბურ შეტევებს, რომლებიც პარიზში, ბერლინსა და ლონდონში ხდებოდა.
აგვისტოში, ხელისუფლებამ დააკავა 31 წლის სირიელი ლტოლვილი, რომელიც ეჭვმიტანილია ებრაული თემის ლიდერზე თავდასხმის მცდელობაში.
ფოტო: Reuters