4 თვიანი გაუჩინარების შემდეგ მილიარდელი ჯეკ მა გამოჩნდა
Alibaba–ს ჯგუფის დამფუძნებელი ჯეკ მა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა, – BBC წერს, რომ მილიარდერმა ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში 100 სოფლის მასწავლებელს მიმართა. Covid-19 შეზღუდვების გამო შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა, საიდან განხორციელდა ჩართვა უცნობია - აცხადებს ადგილობრივი მედია.
ამ ამბის შემდეგ, ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე ალიბაბას აქციები 5%-ით გაიზარდა. მა Ant Group-ის დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერია, რომელიც ჩინეთის ყველაზე დიდი გადამხდელი და მიმწოდებელია.
ჩინელი მილიარდერის გამოჩენამდე, Forbes-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია მის უცნაურ გაუჩინარებაზე.
„Alibaba–ს დამფუძნებლის ჯეკ მას გაუჩინარებამ საზოგადოების მხრიდან სოციალურ ქსელში მწვავე ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია. მილიარდერის ადგილსამყოფელი უცნობია, ხოლო Alibaba კომენტარს არ აკეთებს.
ის ოქტომბრის ბოლოდან აღარავის შეუმჩნევია. ბოლოს მაი შანხაის ბუნდის სამიტზე იმყოფებოდა, სადაც მან ჩინეთის მარეგულირებლები ინოვაციების ჩახშობის გამო გააკრიტიკა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ იგი ჩინეთის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე იყო დაბარებული. ბოლო წლების განმავლობაში სულ მცირე ნახევარი ათეული მილიარდერი და მდიდარი ბიზნესმენი გაქრა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის შეურაცხყოფის შემდეგ.“–ნათქვამი იყო სტატიაში.