ჯანდაცვა
30/10/2023

"სანებართვო პირობებს აკრედიტაცია სჭირდება" - კლინიკები არასაჭირო რეგულაციებზე საუბრობენ

სანებართვო პირობების იმ სტანდარტებს, რომელთა დაკმაყოფილებას ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისგან ითხოვს, საერთაშორისო აკრედიტაცია სჭირდება.  

ამის შესახებ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ მორჩილაძემ jandacva.ge-ს განუცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო აკრედიტაციაზე მეტად კლინიკებისთვის განახლებული სანებართვო პირობებია პრობლემური.

საუბარია რეანიმაციული სერვისის სანებართვო პირობებზე,  რომელთა დაკმაყოფილების ვალდებულება კლინიკებს 2023 წლის 1 სექტემბრიდან აქვთ. 

ახალი რეგულაციების შეუსრულებლობის გამო რეგულირების სააგენტომ სამი დაწესებულება - „იმედის კლინიკა“, გია მუხაშავრიას და „ჯაფარიძე-ქევანიშვილის“ კლინიკები დააჯარიმა. 

განახლებული სანებართვო პირობების მიმართ პრეტენზიები არაერთხელ დააფიქსირა ჯანდაცვის ასოციაციამ, სადაც ამბობენ, რომ კლინიკების ნაწილი მოთხოვნილ ინფრასტრუქტურულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს. 

არჩილ მორჩილაძე კი სანებართვო პირობების  სხვა ნაწილზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და „ზედმეტია“. მას მაგალითად მოჰყავს სამედიცინო ნარჩენების შენახვის პირობები, რომლებიც, ახალი სანებართვო პირობების მიხედვით, 5 გრადუს ტემპერატურაზე შენახვას ითვალისწინებს. თუმცა, მორჩილაძის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკით, 22 გრადუსია დაშვებული, რადგან საუბარია ნარჩენებზე, რომლებიც რამდენიმე საათში უნდა გადაიყაროს და უსაფრთხოების კუთხით, 5 გრადუსის ტემპერატურაზე მათი შენახვის საჭიროება არ დგას. 

„კარგი იქნება, თუ სანებართვო პირობებს შეადარებენ საერთაშორისო სტანდარტებს. საერთოდ არაა გათვალისწინებული პასუხი კითხვაზე - „რატომ“? სამედიცინო ნარჩენების შენახვის 22 გრადუსზე შენახვის პირობები ესაა 20 წლის წინანდელი სტანდარტი. ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი სტანდარტები უნდა შეაფასოს საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში. სამინისტროს სტანდარტებს სჭირდება აკრედიტაცია, რათა კლინიკებისგან ზედმეტი არ მოითხოვონ. უნდა არსებობდეს ე.წ. ევიდენსი, ანუ მტკიცებულება და ახსნა იმისა, თუ რისთვისაა საჭირო ესა თუ ის სტანდარტი,“ - აღნიშნა არჩილ მორჩილაძემ. 

jandacva.ge