ჯანდაცვა
03/08/2023

სამინისტროს პასუხი ფარმაცევტულ სექტორს - რეფერენტული ფასები კიდევ 900-მდე მედიკამენტზე გავრცელდა

რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია გაფართოვდა და მინისტრის ბრძანებით, ჩამონათვალს კიდევ 900-მდე წამალი დაემატა. შედეგად, სიაში ამ ეტაპზე 2313 პრეპარატი შედის. 

ამასთან, კანონის თანახმად, ფარმაცევტულ კომპანიებს ფასის გასაჩივრება შეუძლია. გადაწყვეტილებას ფასების დაკორექტირების ან მის ცვლილებაზე უარის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედი სპეციალური კომისია იღებს.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება.

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ძალაში მიმდინარე წლის 15 თებევრლიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს კონკრეტული წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება აღარ აქვთ.

ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის თანახმად, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი წლის ბოლომდე 7000-მდე მედიკამენტზე უნდა გავრცელდეს. რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან.
გუშინ, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც რეფერენტული ფასის არასწორ პოლიტიკაზე და ამ მიზეზით ბაზარზე შექმნილ დეფიციტზე საუბრობს.

„ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, თანამშრომლობისა და კოლეგიალობის ნაცვლად, ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც სავარაუდოდ მიზანმიმართულად ხორციელდება იმისათვის, რომ გადაიფაროს არასწორად შემუშავებული და გატარებული რეფორმები, ეს კი განაპირობებს იმ დეფიციტების წარმოშობას ბაზარზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეფერენტული ფასების დაწესების შემდგომ გაჩნდა,“ - ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე  სამინისტროს მიერ, რეფერენტული ფასი დადგენილია 1620 დასახელების მედიკამენზე, თუმცა დღეის მდგომარეობით საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ 600 დასახელებამდე მედიკამენტი.

აღნიშნულ განცხადებას გუშინვე, დღის ბოლოს მოჰყვა საკანონმდებლო მაცნეზე რეფერენტულ ფასს დაქვემდებარებული ახალი მედიკამენტების ჩამონათვალის გამოქვეყნება. დღეს კი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე უკვე განახლდა ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი. 

jandacva.ge

Businesspartner