ჯანდაცვა
17/02/2023

სახელმწიფო პროგრამით 30 000 სოცდაუცველი დასაქმდა, მოგვიანებით 3500 პირი პროგრამიდან ჩაიხსნა

სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამის ფარგლებში 30 000 პირი დასაქმდა, თუმცა, სამუშაოს შესრულების მონიტორინგის შედეგად 3500 მათგანი პროგრამიდან გაითიშა და სახელმწიფომ მათ შეუწყვიტა ხელფასის ჩარიცხვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 30 000-მდე  ადამიანია ჩართული სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამუშაოზე, ამასთან, სახელმწიფო ამოწმებს მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს და დასწრებას.

„შევქმენით კარგი მონიტორინგის სისტემა, რომელიც ადგილზე ამოწმებს დასაქმებულებს და მათ დასწრებასა და სამუშაოების შესრულებას. იძულებულნი გავხდით, 3500 ადამიანი პროგრამიდან გაგვეთიშა და შეგვეწყვიტა ხელფასის ჩარიცხვა. ასევე მოიხსნა ის უპირატესობები, რაც ჰქონდა ამ პროგრამას, რომ 4 წელი არ გადავამოწმებდით მათ სტატუსს,“ - განმარტა მინისტრმა.

 

ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი პირებისთვის დასაქმების პროგრამა გასული წლის 1 მარტიდან დაიწყო

პროგრამის ბენეფიციარები იმ  საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმდებიან, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს შეუძლია, დამსაქმებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან. ბენეფიციარები საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის, სრულ განაკვეთზე თვეში  300 ლარს იღებენ, რომელსაც სახელმწიფო არ ბეგრავს. 

დასაქმების პროგრამაში ჩართულ მოქალაქეს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასზე მიბმული ფულადი და არაფულადი დახმარება გარანტირებულად შეუნარჩუნდება. ამ პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმებაც.

თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგად მოხდება. თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება. 

დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, სოციალურად დაუცველმა პირებმა,სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ, რომელთა ფილიალები ქვეყნის ყველა რეგიონშია განთავსებული.