ჯანდაცვა
27/03/2023

მინისტრი ონკოლოგიურ წამლებზე: ეს მედიკამენტები ძალიან მალე ქვეყანაში პირდაპირ მწარმოებლიდან შემოვა

მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით ძვირადღირებული მედიკამენტების გაიაფება შექმნის შესაძლებლობას, ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური დაფინანსების ლიმიტი მოიხსნას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მან ის მექანიზმები განმარტა, რომლითაც მედიკამენტების გაიაფება, შედეგად მედიკამენტების მოცვის გაზრდა და დაფინანსების ლიმიტის გაუქმებაა შესაძლებელი.

ზურაბ აზარაშვილმა ამ კონტექსტში საუბარი რეფერენტული ფასებით დაიწყო, რომელმაც, მისი თქმით, ქრონიკული მედიკამენტების შემთხვევაში, 1100 პრეპარატზე ფასები 40%-ით გააიაფა. ამ წამლების დიდ ნაწილს კი სახელმწიფო 300 ათას მოქალაქეს სხვადასხვა ლიმიტით უფინანსებს. 40%-იანმა გაიაფებამ კი სახელმწიფოს შესაძლებლობა მისცა, კიდევ უფრო გაეზარდა მოცვა და თუ მანამდე ამ ადამიანებს ლიმიტი რამდენიმე თვეში ეწურებოდათ, ახლა ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, სრულად დააფინანსოს მათი საჭიროებები მთელი წლის განმავლობაში.

„რაც შეეხება ონკოლოგიურ მედიკამენტებს, მათ შემთხვევაში რეფერენტული ფასწარმოქმნის დროს, პირდაპირი რეკომენდაციაა, რომ მწარმოებლებთან პირდაპირ მოხდეს სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებები და მიღწეულ იქნას, რომ მნიშვნელოვანი ფასდაკლება გაუკეთონ სახელმწიფოს და პირდაპირ დავდოთ კონტრაქტები.

ამ მხრივაც უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები. დაახლოებით 80 დასახელების მედიკამენტია და წლის განმავლობაში 90 მილიონ ლარს ვხარჯავთ ამ მიმართულებით, მაგრამ  ეს უკვე პრინციპულად ცვლის ამ მიდგომას – ამ მედიკამენტების 10-მდე მწარმოებელია და უკვე ინდივიდუალურად გვიწევს პირდაპირ მწარმოებელ ქარხნებთან, მსხვილ მწარმოებლებთან შეთანხმება და ეს მედიკამენტები ძალიან მალე ქვეყანაში შემოვა პირდაპირ მწარმოებლიდან და ჩვენ შეგვეძლება გადავიხადოთ მნიშვნელოვნად შემცირებული თანხები და სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც ქრონიკული მედიკამენტების შემთხვევაში, ასევე ონკოლოგიური მედიკამენტების შემთხვევაში სრულად დავაფინანსოთ ონკოლოგიური პაციენტების მთელი წლის საჭიროება. შესაბამისად, ის პრობლემები, რომელიც ლიმიტის ამოწურვას ეხებოდა, ამ მიმართულებით მოიხსნას და საერთოდ ლიმიტის მოხსნაზეც გვაქვს საუბარი,“ – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსების წლიური ლიმიტი 25 ათას ლარს შეადგენს, თუმცა პაციენტები და ექიმები აცხადებენ, რომ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან პაციენტთა ნაწილს 25 ათასი ლარი არ ესაჭიროება, ნაწილს კი, კიბოს გარკვეული სახეობების სირთულიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი დაფინანსება სჭირდებათ. ამიტომ ისინი აქციების, პეტიციებისა და სხვადასხვა ღონისძიების ფორმით წლებია ითხოვენ ამ მიდგომის შეცვლას.

jandacva.ge