ჯანდაცვა
01/02/2023

GMP -სერტიფიკატის მიღებას მეოთხე ფარმაცევტული კომპანია ელოდება

ჯიემპი“ სტანდარტის ამოქმედების შემდეგ ფარმაცევტული საწარმოების ნაწილმა საკუთარი პროდუქცია სამკურნალო საშუალებების ნაცვლად საკვები დანამატებად დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლიდან გავიდნენ და ფარმაცევტული ბაზრისთვის შემოღებული რეგულაცია მათზე აღარ ვრცელდება. ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განუცხადა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა რეგულაცია მომავალში ამ პროდუქციაზეც ამოქმედდეს, გოგიბერიძე ამბობს, რომ ამაზე საუბრები არ მიმდინარეობს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს პროდუქცია რაიმე სახის რეგულაციის ქვეშ უნდა მოექცეს.

jandacva.ge ასევე დაინტერესდა,  „ჯიემპი“ სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო საწარმოების ნაწილის გაჩერების შედეგად რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, თუმცა ლევან გოგიბერიძე ამბობს, რომ შესაბამისი სტატისტიკა ჯერ არ არსებობს, ამასთან, დასაქმებულთა ნაწილი საკვები დანამატების ნაწილში დარჩა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ის საწარმოები, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს ახალი სტანდარტი, გაჩერებულები არიან, გარდა იმ კომპანიებისა, რომლებიც ექსპორტს ეწევიან. ექსპორტის ნაწილში „ჯიემპი“ 2025 წლამდე არ შედის ძალაში.

ფარმაცევტთა ასოციაცია ჯიემპი სტანდარტის ძალაში შესვლამდე დარგში კოლაფსს პროგნოზირებდა და აცხადებდა, რომ 1700-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩებოდა.

ფარმაცევტული საწარმოებისთვის ჯიემპი სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო 2022 წლის 1 იანვრიდან გახდა.

ესაა სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი სტანდარტების შენობა-ნაგებობების, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების, წყლის და ჰაერის ვენტილაციის სისტემის დანერგვას და სხვა მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მოთხოვნები და ზედამხედველობის სისტემა წესდება დისტრიბუციაზეც. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყოველივე ეს მომხმარებლისთვის ნიშნავს გარანტირებული ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიღებას.

GMP სერტიფიკატი ამ ეტაპზე აქვს „ავერსი რაციონალს “, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს “ (PSP-ს საწარმო) და ანტიბიოტიკების მწარმოებელ კომპანია „აბიფარმს“. ფარმაცევტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ სტანდარტს უახლოეს დღეებში „ბიოქიმფარმიც“ მიიღებს.