ჯანდაცვა
13/04/2023

"DRG-ის ამოქმედების შემდეგ გარკვეულ სერვისებში პენსიონრებს გადასახადი დაეკისრათ"

ჯანდაცვის ასოციაციაში დადებითად აფასებენ სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსებულ ოპერაციებზე პაციენტების თანაგადახდაზე „ჭერი“ დაწესდა.

კერძოდ, მათთვის, ვინც 10%-იანი თანაგადახდით სარგებლობს (ძირითადად პენსიონრები), თანხის მაქსიმალური „ჭერი“ 500 ლარია, ანუ თუ კონკრეტული სამედიცინო სერვისის ღირებულების 10% 500 ლარს აჭარბებს, პაციენტი მაინც 500 ლარს იხდის, დანარჩენს კი სახელმწიფო ფარავს. 20%-იანი თანაგადახდით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის მაქსიმალური ლიმიტი 1000 ლარია, 30%-ით მოსარგებლე  პაციენტებისთვის კი (ესაა თვეში 1000-დან 3400 ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეები) 1500 ლარი.

ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის მაია მახარაშვილის თქმით, არის სერვისები, რომლებიც  9 ათასი ლარი ღირს, 30%-იანი ლიმიტის შემთხვევაში კი პაციენტს 3 ათასამდე ლარის გადახდა უწევდა, ახლა კი მას მხოლოდ 1500 ლარის გადახდა მოუწევს. თუმცა, როგორც მახარაშვილი ამბობს, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ეს 1500 ლარიც რთული გადასახდელია.

მაია მახარაშვილი ამბობს, რომ „დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ კიდევ ერთი პრობლემა შეიქმნა: ინტენსიური მოვლის  მიმართულებით გაჩნდა თანაგადახდა, რაც მანამდე არ არსებობდა. კერძოდ, მაგალითად კრიტიკული ანემიის შემთხვევაში პენსიონრებს მანამდე არანაირი თანაგადახდა არ უწევდათ, ახლა კი მათ სერვისის ღირებულების 10%-ის გადახდა მოუწევთ, რაც, მართალია, შეიზღუდა და პაციენტი 500 ლარზე მეტს არ გადაიხდის, თუმცა პენსიონერებს ეს თანხა მაინც გადასახდელი ექნებათ, რაც მანამდე არ ყოფილა.

ჯანდაცვის ასოციაციის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ზაზა სოფრომაძის თქმით, „ჭერის“ დადგენა ჯანდაცვაზე გამოყოფილი რესურსების ზრდას გამოიწვევს, მაგრამ ასეთი მიზნობრივი გადაწყვეტილებები აუცილებელია იმისთვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვა უფრო მეტად მორგებული იყოს მოსახლეობაზე და გაიზარდოს სერვისებზე პაციენტების ხელმისაწვდომობა.

jandacva.ge