დეპუტატების ნაწილი ითხოვს, ადამიანებს ჰქონდეთ უფლება, ორგანო თანხის სანაცვლოდ გასცენ
ორგანოების გადანერგვის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობის ფონზე მიმდინარეობს.
დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია და არსებობს სხვა ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი ორგანოს გაცემის სურვილი, რატომ არ აქვს პაციენტს უფლება, მას ფული შესთავაზოს და დაითანხმოს ასეთი ტიპის ოპერაციაზე.
ვახტანგ მეგრელიშვილი კი აცხადებს, რომ ეს კანონი სიცოცხლის გადარჩენის აკრძალვას ნიშნავს.
პროექტის წარმდგენმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნია ამ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ უანგარო დონორობა - ესაა მსოფლიოს და მათ შორის ევროპის გამოცდილება და ცალსახა პრინციპი. მისი თქმით, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დონორობა კომერციულ პრინციპზე მიმდინარეობს, თუმცა მან ამ ქვეყნის დასახელებისგან თავი შეიკავა.
თამარ გაბუნიას თქმით, მთავარი პრინციპი ევროპისა და ყველა სხვა ქვეყანაში, გარდა ამ ერთი ქვეყნისა, აღიარებულია უანგარობის პრინციპი, რადგან ორგანოები არ უნდა გახდეს მატერიალური აღებ-მიცემობის საგანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელი შეეწყობა ტრეფიკინგის გაძლიერებას, რომლის ერთერთი მოტივაცია სწორედ ორგანოების მოპოვებაა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, კომერციული დონაცია ბევრ ეთიკურ საკითხს სვამს, მათ შორის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის თანასწორობის ჯუთხით, რადგან ეს მდიდრებს უპირატესობას აძლევს, იქმნება ადამიანზე ზეგავლენის და სხვა რისკები.
„ევროდირექტივა ცალსახად განსაზღვრავს, რომ ეს უნდა იყოს განხილული მხოლოდ უანგარობის პრინციპით. მკაფიოდაა განსაზღვრული წრე, ვისგანაც შეუძლიათ მიიღონ ორგანო. სამედიცინო მომსახურების ხარჯები კი იფარება როგორც სამედიცინო სერვისის ნაწილი. მორალური პასუხისმგებლობა დგას, როცა ორგანო შესაძლოა მატერიალური აღებ-მიცემობის თემა გახდეს. ჯანდაცვის სექტორი ეკონომიკის სახელმძღვანელოების პრინციპს არ ექვემდებარება. აქ რეგულირების გარეშე მოთხოვნა-მიწოდება არ ქმნის იმ პირობებს, რომ დაბალანსდეს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ხელმისაწვდომობა,“- განმარტა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, იმ ქვეყნების პრაქტიკა, სადაც უანგარო დონორობა მოქმედებს, ადასტურებს, რომ უანგარო დონორობა ტრანსპლანტაციების რიცხვს ზრდის.