ჯანდაცვა
22/09/2023

"ავერსი ფარმას" ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობაზე მერიამ უარი უთხრა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებს, „ავერსი ფარმას“ ღია ავტოპარკინგის მოწყობაზე უარი უთხრეს.

მერიის გადაწყვეტილება 2023 წლის 7 აგვისტოთი თარიღდება. 

მერიის არქიტექტურის სამსახურის პასუხში, რომელიც სამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული, ვკითხულობთ, რომ დედაქალაქის გენგეგმის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ვრცელდება შიდა კვარტალური ურბანული გამწვანების არეალი. სამსახურს კი იმ საპროექტო ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება, რომელზეც ვრცელდება შიდა კვარტალური ურბანული გამწვანების არეალი, დაუშვებლად მიაჩნია.


 
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ბოლოდან „ავერსი ფარმას“ უნდა მიეღო იმ ტერიტორიის განკარგვის საშუალება, სადაც ამჟამად თბილისის ინფექციური კლინიკა ფუნქციონირებს. ეს კი „ინფექციურის“ ახალ შენობაში გადასვლაზეა დამოკიდებული, რომელშიც, რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა რა ეტაპზეა სამუშაოები და „ინფექციურის“ ახალ შენობაში გადასვლის პროცესი, ისევ უცნობია. კონკრეტულ გეგმებზე, რომლებიც ამ ტერიტორიას უკავშირდება, კომპანიაში არ საუბრობენ.

„ავერსი ფარმას“ დირექტორმა რამდენიმე თვის წინ jandacva.ge-სთან საუბარში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გეგმავენ ამბულატორიის განვითარებას და ამბულატორიული სერვისების ერთ შენობაში თავმოყრას.

ტერიტორია, სადაც "ავერსის" კლინიკებთან ერთად ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებს, "ავერსი ფარმამ" 2009 წელს შეიძინა. მას შემდეგ, "ინფექციურის" სხვა შენობაში გადასვლის საკითხი მოუგვარებელია.

jandacva.ge

Businesspartner