ჯანდაცვა
27/03/2023
ავტორი: Business Partner

"ამ ეტაპზე ბაზარი ამისთვის მზად არ არის" - ონკოპაციენტების დაფინანსებაზე ლიმიტის მოხსნის ვადები უცნობია

ჯანდაცვის სამინისტროში ამ ეტაპზე ვერ ასახელებენ ვადებს, როდის მოიხსნება საყოველთაო ჯადაცვის პროგრამაში ონკოლოგიური პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების დაფინანსების ლიმიტი.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ეს ლიმიტი 25 ათას ლარს შეადგენს, თუმცა პაციენტები და ექიმები აცხადებენ, რომ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან პაციენტთა ნაწილს 25 ათასი ლარი არ ესაჭიროება, ნაწილს კი, კიბოს გარკვეული სახეობების სირთულიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი დაფინანსება სჭირდებათ. ამიტომ ისინი აქციების, პეტიციებისა და სხვადასხვა ღონისძიების ფორმით წლებია ითხოვენ ამ მიდგომის შეცვლას.

პირველი კომენტარი ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნულზე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა, სადაც ეს საკითხი მედიკამენტების ფასებს დაუკავშირა.

„როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სწორი და სამართლიანია, წლიურ ლიმიტს აუცილებლად მოვხსნით და ბენეფიციარები მიიღებენ სრულყოფილ სერვისს როგორც ამბულატორიულ ნაწილში, ისე – მედიკამენტების კუთხით“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, უწყება ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტის მოხსნას იანვრიდანაც ფიქრობდა, შემდეგ რეფერენტული ფასების ამოქმედებას ელოდებოდნენ და თავი შეიკავეს, რადგან საბოტაჟის საფრთხეები არსებობდა.

„დავრწმუნდით, რომ ჯერ მზად არ არის ფარმაცევტული სექტორი ამისთვის, თორემ სამინისტრო და სახელმწიფო
მზადაა, სრულად დააკმაყოფილოს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისმა მოადგილემ ილია ღუდუშაურმა კი დღეს ამ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ზუსტ ვადებს ვერ დაასახელებს, რადგან ბაზარი ამისთვის მზად არ არის.

„მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ლიმიტი მოიხსნას, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ბაზარი ამისთვის მზად არ არის, რადგან ქვეყანაში ამ ეტაპზე ონკოლოგიური მედიკამენტების 80-მდე მოლეკულაა და ჯერჯერობით მხოლოდ 10 გვაქვს დარეგულირებული. დანარჩენ მედიკამენტებზე, რომლებიც დარეგულირებული არ იყო, სამწუხაროდ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა გაზარდეს ფასები. ამიტომ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა იქითკენ მიდის, რომ ლიმიტებზე მთლიანად მოიხსნას ზღვარი. კონკრეტულ ვადას ჯერჯერობით ვერ დავასახელებ, თუმცა როგორც კი ყველა მედიკამენტი დარეგულირდება, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ ყველას, ვისაც ონკოლოგიური მედიკამენტი სჭირდება, 100 პროცენტით დაუფინანსოს, ლიმიტის გარეშე,“ - აღნიშნა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, სამინისტროს დაგეგმილი აქვს, რომ წლის ბოლომდე ყველა პრიორიტეტული მედიკამენტი დაარეგულირონ, თუმცა სექტორი ამ რეფორმებს რთულად ეგუება.

„შევხედავთ და თუ ჩვენი გეგმის მიხედვით წავალთ, ვფრიქრობთ, ძალიან მალე იქნება, თუმცა არასწორი იქნება ახლა კონკრეტული თარიღის დასახელება,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება კერძო დაზღვევას, რომელსაც ონკოლიმიტები დაბალი აქვს და, შესაბამისად, კერძო დაზღვევის მქონე ადამიანები საყოველთაოსთან შედარებით უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ეს კერძო სექტორის მოსაგვარებელი საკითხია.

ილია ღუდუშაურის თქმით, ამ ეტაპზე სექტორი ისეა რეგულირებული, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობას იღებენ ის პირები, რომლებსაც არ აქვთ კერძო დაზღვევა ან კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფის ბენეფიციარები არიან - ასეთ ჯგუფს განეკუთვნებიან პენსიონრები, სტუდენტები და ბავშვები - მათ შეუძლიათ ჰქონდეთ საყოველთაო და კერძო დაზღვევაც. მინისტრის მოადილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კერძო დაზღვევის პაციენტების საყოველთაოთი დაზღვევა არ განიხილება.

„კერძო სადაზღვევო კომპანიებს წესით საყოველთაოზე უკეთესი პაკეტი უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ დააინტერესეონ პაციენტები. ეს შეკითხვა უფრო კერძო სადაზღვევო კომპანიებისკენაა,“- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 

მისი განმარტებით, იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ როგორც კერძო, ისე საყოველთაო დაზღვევა, შეუძლიათ გაეთიშონ საყოველთაოს ერთჯერადად და დაიფინანსონ ხარჯები. თუმცა ეს ეხება კონკრეტულ ჯგუფს და არა ზოგადად საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს.

რაც შეეხება „დაშენებული“ პაკეტების შემოღებას სხვა ჯგუფებისთვისაც, ღუდუშაური ამბობს, რომ სამინისტრო მზადაა კერძო  სექტორთან თანამშრომლობისთვის თუ კონკრეტულ შემოთავაზებას გააკეთებენ, თუმცა, მისი თქმით, დაშენების ის მექანიზმი, რომელსაც ინდუსტრია ამ ეტაპზე სთავაზობს, სამინისტროში არ განიხილება.