უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკები გაზრდილია
ეროვნული ბანკის განმარტებით, პანდემიის გამო საპროცენტო რისკები გაზრდილია. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, თუ ადრე ეს მაჩვენებელი 6% იყო, დღეს 9%-ს აღწევს.
„ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ვალუტით დეპოზიტებსა და სესხებს აქვს უფრო მაღალი პროცენტი არის ნორმალური მოვლენა, იქიდან გამომდინარე, რომ უცხოური ვალუტით გაცემულ სესხს გააჩნია საპროცენტო რისკი. იმისთვის რომ გავიგოთ სესხის აღება ლარში უფრო მომგებიანია თუ დოლარში უცხოური ვალუტით გაცემულ სესხს უნდა დავამატოთ საპროცენტო რისკი და ისე შევადაროთ ერთმანეთს,“ - განმარტა არჩილ მესტვირიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანას აქვს უცხოურ ვალუტაში სესხზე მაღალი მოთხოვნის და არა ლარის მიმართ ნდობის პრობლემა.
„ეს განსაკუთრებით ეხება იპოთეკურ სესხებს. თუ ვინმეს ეშინია ეროვნული ვალუტის გაუფასურების, მაგრამ ის იღებს უცხოურ ვალუტაში სესხს რაღაცასთან გვაქვს საქმე. ეს შეიძლება იყოს არასაკმარისი ფინანსური განათლების პრობლემა. ამიტომ ლარის მიმართ ნდობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და რაც უფრო ნაკლებია ქვეყანაში დოლარიზაცია მით უფრო მაღალია ლარის მიმართ ნდობა და სტაბილურია გრძელვადიანად ეკონომიკა,“ - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.