ფინანსები
01/11/2021

TI: საჭიროა, ვალის ტვირთი კიდევ უფრო შემცირდეს 

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, მთავრობის ვალის მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელი 60%-დან 52%-მდე დაიკლებს, ქვეყნის ფისკალური მდგრადობისთვის ვალის ტვირთის კიდევ უფრო შემცირებაა საჭირო.

"როდესაც ვალი მშპ-ის 60%-თან ახლოსაა, მსუბუქი მაკროეკონომიკური შოკის დროსაც კი შესაძლოა გადასცდეს კანონით დაშვებულ 60%-იან ზღვარს. მითუმეტეს, პანდემიის პირობებში მაკროეკონომიკური შოკის კვლავ განმეორების ალბათობა მაღალია", - ნათქვამია არასამთავრობოს განცხადებაში, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტია შეფასებული. 

ამასთან, არასამთავრობო მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის დაბალი ტემპიდან გამომდინარე, 2022 წელს პროგნოზირებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ოპტიმისტურია. 

"პროგნოზირებული ზრდის ვერ მიღწევის შემთხვევაში ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება. შესაბამისად, ბიუჯეტის დადებითი საოპერაციო სალდო უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ბიუჯეტის ამჟამინდელ პროექტშია", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობაში". 

ინფორმაციისთვის, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში კომიტეტებმა უკვე განიხილეს. ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის პროექტის განახლებულ ვერსიას სესიაზე წარადგენს, სადაც მას კენჭს უყრიან.